"ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
“ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის თეა ზაქარაძის განცხადებით, მიმდინარე წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია, გაორმაგდა საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა, ასევე კომპანიამ შეიძინა ახალი ტექნიკა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, მგზავრთნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წელს იგეგმება მგზავრთა დახვედრის ზონისა და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში კომპანიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 25 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.
ზაქარაძის განცხადებით, მათი პროგნოზით, წელს ბათუმის აეროპორტი 1.2 მილიონამდე გაზრდის გადაყვანილი მგზავრების ოდენობას. 2024 წელს “ტავ ჯორჯიას” მართვაში მყოფი ბათუმის აეროპორტი ჯამში 952 ათასამდე მგზავრს მოემსახურა.




























