“ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის თეა ზაქარაძის განცხადებით, ბათუმის აეროპორტში 8 თვის მონაცემებით, ავიარეისების რაოდენობა 35%-ით გაიზარდა, რაც დამატებითი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოითხოვს. ბათუმის აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, წელს 8 თვეში 3680 ავიარეისი შესრულდა.
როგორც თეა ზაქარაძემ აღნიშნა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 25 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
„წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 35%-იანი მატება გვაქვს და შესაბამისად ეს მოითხოვს დამატებით ინფრასტრუქტურას. მოვაწესრიგეთ არსებული ინფრასტრუქტურა - გავაორმაგეთ სადგომების რაოდენობა, ასევე მოხდა 1 კმ-იანი მონაკვეთის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია, ახლა მიმდინარეობს ტერმინალში გაფართოების სამუშაოები და ასევე ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რომელსაც ძალიან მალე წარვუდგენთ მთავრობას“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანის თქმით, წელს ბათუმის აეროპორტში 1.2 მლნ მგზავრს ელოდებიან.
„ბათუმის აეროპორტში ჩვენ წელს მგზავრთნაკადის მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმს ველოდებით, ჩვენი პროგნოზი 1.2 მლნ-ზეა გაკეთებული, წინა წლის ანალოგიურ პერიოდს - 8 თვეს რომ შევადაროთ უკვე 32%-იანი მატება გვაქვს, რეისების კუთხით კი 35%-იანი მატება გვაქვს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
დღეს პრემიერ-მინისტრმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერეს და აეროპორტის გაფართოების ახალ პროექტს გაეცვნენო. ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბათუმის აეროპორტში დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავდა კრიტიკულ ზონებში, 1 კმ-ის მონაკვეთზე ხელოვნური საფარის კაპიტალურ განახლებას, ასევე გაორმაგდა საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა, რაც აეროდრომს ერთდროულად 9 საშუალო ზომის თვითმფრინავისა და 1 ვერტმფრენის მიღების შესაძლებლობას აძლევს.




























