მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმის ბიუჯეტი 10,3 მლნ ლარით იზრდება

ბათუმის მერია

ბათუმის ბიუჯეტის 2025 წლის შემოსულობები 10 მლნ 300 ათასი ლარით იზრდება. შესაბამისი დადგენილება ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს. კერძოდ, 2025 წლის პროექტის თანახმად, შემოსავლების სახით 461 მლნ ლარი იყო განსაზღვრული, ცვლილების შედეგად კი, ეს რიცხვი 471,3 მლნ ლარამდე გაიზარდა.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი შემდეგნაირად იცვლება:

- ფინანსური დახმარების [გრანტების] საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 300 ათასი ლარით: მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერი იზრდება 300 ათასი ლარით დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტით მომსახურება.

- სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 10 მლნ ლარით: მათ შორის პროცენტები - 7 მლნ ლარით, მუნიციპალიტეტის მიერ ბანკში განთავსებულ ფულად სახსრებზე დარიცხული სარგებლის ფაქტიური და საორიენტაციო შესრულების გათვალისწინებით; და ტრანსფერები, რომელიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული - 3 მლნ ლარით, ფაქტიური შესრულების გათვალისწინებით.

ამის გათვალისწინებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის გადასახდელებიც იზრდება 10,3 მლნ ლარით.

"ცვლილება შევიდა ბიუჯეტის როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელების ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში. ცვლილებები აისახა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობის, მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარების, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისა და მოვლა-პატრონობის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის, საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფის, პარკების, სკვერებისა და მოედნების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის, ქალაქის გამწვანების, სპორტული კლუბების დაფინანსების, მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფის, მუნიციპალური სერვისის გაუმჯობესების, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების მართვის და დადგენილებით დამტკიცებულ სხვა ღონისძიებებში", - იტყობინება ბათუმის საკრებულო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები