ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა. ცვლილებების თანახმად, ქალაქის მუნიციპალური ბიუჯეტი 68 მლნ ლარით გაიზარდა და 450 მლნ ლარი შეადგინა.
განახლებულ ბიუჯეტს ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა. ცვლილებები საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ედნარ ნატარიძემ წარადგინა. მისი თქმით, ბიუჯეტის ზრდის ძირითადი ფინანსური პარამეტრები ორი ფაქტორით არის განპირობებული:
“პირველი არის ფინანსური დახმარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან, რაც 25 მლნ ლარია, ხოლო დანარჩენი 43 მლნ ლარი მთლიანად საკუთარი შემოსულების ხარჯზეა. მართალია გარკვეული რესურსი ნაშთის სახით არის გაწერილი, მაგრამ აქაც მინდა მოგახსენოთ, რომ ეს წარმოადგენს 2023 წლის ბოლოსთვის დასრულებული შემოსავლების ნამეტიდან მიღებულ თანხას, კერძოდ, ეს არის ქონების გადასახადიდან, დღგ-დან, და სხვა არაკლასიფიცირებული მოსაკრებლიდან, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მიიღო ბათუმის მუნიციპალიტეტმა”.
რაც შეეხება კონკრეტული მიმართულებებით ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს, ედნარ ნატარიძის ინფორმაციით, ყველაზე დიდი ნაწილი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება.
“წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების პრიორიტეტების კუთხით რაც არის გაწერილი, ბიუჯეტი იზრდება 1 მლნ 900 000 ლარით, ოღონდ აქ მთლიანად არის სარეზერვო ფონდის კუთხით მიმართული ფინანსური რესურსი, რაც ისევ და ისევ მოსახლეობის ჯანდაცვის და სოციალური კუთხით მიმართული ღონისძიებებისთვისაა.
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით 66 753 000 ლარი იქნა მიმართული, მათ შორის საგზაო ინფრასტურქტურის განვითარებაზე 29 მლნ ლარი. სატრანსპორტო სისტემის და სერვისების განვითარების კუთხით დაემატა 3 596 000 ლარი, რაც ახალი მუნიციპალური მიკროავტობუსების შემოყვანისა და მგზავრობის მინიმალური ტარიფის შენარჩუნების კუთხით სუბსიდირებისთვის გამოეყო. საბაზისო კომუნალურ ინფრასტრუქტურაში 11 924 000 ლარი დაემატა, რაც, როგორც სანიაღვრე, ასევე წყლისა და საკანალიზაციო სისტემებს მოიცავს.
ასევე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მხარდაჭერის პროგრამაში საერთო ჯამში 9 მლნ ლარზე მეტი იქნა დამატებული, რომელიც ავარიული სახლების პროგრამასაც მოიცავს.
შემდგომ მოდის ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და მართვა. ესეც მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბიუჯეტში პროექტების ასახვის კუთხით აუცილებელია, ყველა იმ პრობლემის დეტალური კვლევა და პროექტების შედგენა, ამიტომაც ამ ნაწილშიც ბიუჯეტი იქნა გაზრდილი საკომპენსაციო თანხების პროგრამისთვისაც, მოგეხსენებათ, გასულ წელს დავიწყეთ ლეხ კაჩინსკის და ფიროსმანის ქუჩების გაგრძელებისთვის მიწის გამოსყიდვაზე მუშაობა, აქაც წელსაც ფინანსური რესურსი იქნა გათვალისწინებული.
განათლების მიმართულებით 1 100 000 ლარია დამატებული, რომელიც ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას მოხმარდება, მათი მშენებლობა წელს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება.
კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობის, სპორტის მიმართულებით 446 000 ლარი იქნა გაზრდილი, ესეც სხვადასხვა კუთხით იქნება მიმართული.
1 149 000 ლარია გათვალისწინებული ჯანდაცვისთვის. ვინაიდან ახალი ღონისძიებები და პროგრამები დაემატა”, - განაცხადა მომხსენებელმა.