მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის ნავთობტერმინალი ახალ ინვესტიციებზე უარს ამბობს - კომპანიის განმარტება

ბათუმის ნავთობტერმინალი

ბათუმის პორტისა და ნავთობტერმინალის ოპერატორი, შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ ახალი სარეზერვუარო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და გაფართოების გეგმებზე უარს ამბობს. ამის ნაცვლად, კომპანია არსებული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემცირებასა და ოპტიმიზაციას გეგმავს, რაც რეზერვუარების ნაწილის დემონტაჟს, ნაწილის ექსპლუატაციიდან გამოყვანასა და მათი ფუნქციური დანიშნულების ცვლილებას ითვალისწინებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის წარდგენილი გზშ დოკუმენტაციიდან ხდება ცნობილი.

ბათუმის პორტსა და ნავთობტერმინალს კომპანია 2006 წლიდან, 49-წლიანი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მართავს. ოპერატორია ყაზახური KazTransOil, რომელიც, თავის მხრივ, ყაზახეთის სუვერენული საინვესტიციო ფონდის „Samruk-Kazyna“-ს ჯგუფში შედის. გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული დოკუმენტაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში კომპანიის დირექტორმა, მარლენ ტულეგენოვმა წარადგინა.

დოკუმენტაციის მიხედვით, საინვესტიციო გეგმების გადახედვის მთავარი მიზეზი ტერმინალის მრავალწლიანი არასრული დატვირთვაა. მოქმედი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება წლიურად 5.02 მილიონი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვას ითვალისწინებს, თუმცა 2020-2025 წლებში ფაქტობრივი ტვირთბრუნვა მხოლოდ 1.05-1.93 მილიონ ტონას შორის მერყეობდა, რაც საპროექტო მოცულობის დაახლოებით 21-38%-ს შეადგენდა.

კომპანია პროგნოზირებს, რომ 2026-2030 წლებში ტვირთბრუნვა დაახლოებით 4.3 მილიონ ტონამდე გაიზრდება, თუმცა ეს მაჩვენებელიც კვლავ ჩამორჩება ტერმინალის სრულ საპროექტო სიმძლავრეს.

გზშ-ის ავტორების განმარტებით, სწორედ ამ გარემოების გამო, კომპანიამ უარი თქვა რეზერვუარების სრულმასშტაბიან განახლებასა და ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე. ამის ნაცვლად, დაგეგმილია არსებული აქტივების უფრო ეფექტიანი გამოყენება — ტექნიკურად გამართული რეზერვუარების შენარჩუნება, მათი გადანაწილება სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროცესში და დემონტაჟის განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ამას კონკრეტული ობიექტის ტექნიკური მდგომარეობა მოითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები