მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა - ინვესტიცია ₾23.8 მლნ

ბათუმი

ბათუმში, ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო-სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. პროექტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროგრამა „განახლებული რეგიონების" ფარგლებში ახორციელებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გმირთა ხეივნის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, სავალი ნაწილის ბეჭდური ბეტონი, საფეხმავლო ბილიკები, კომერციული და მოსასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდა გარე განათების დეკორატიული ლამპიონები, შადრევნები და ველოსადგომები. გარდა ამისა, ხეივანში დეკორატიული საყვავილეები განთავსდა, ინსტალაციები, სკამები, ურნები და თანამედროვე ტიპის, ელექტრო მოწყობილობების დამტენებით აღჭურვილი, მოსასვენებელი გადახურული სივრცეები.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, ხეივანში განახლდა დენდროლოგია, რეგიონის კლიმატური პირობების შესაბამისად შერჩეული, სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეებითა და ყვავილებით. მისი ინფორმაციით, ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი 3 ლითონკონსტრუქციის საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობა უკვე დასრულდა. ხიდებზე პანდუსის ტიპის სავალი ნაწილები, დეკორატიული ელემენტებითა და მრავალფუნქციური განათებებით მოეწყობა. ასევე, ხიდებზე განთავსდება ლიფტები. ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედით მოსარგებლეთათვის გათვალისწინებული სახიდე გადასასვლელი, პანდუსთან ერთად, კავშირს როგორც სამნაწილიანი ბულვარის მონაკვეთებს შორის, ისე ბულვარის კავშირს სანაპიროსთან უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის ახალი ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, 1 კმ სიგრძის გმირთა ხეივანი, მაღალი ინტენსივობის განაშენიანების გამყოფი სივრცეა, რომელიც არასახარბიელო მდგომარეობაში და ფაქტობრივად, უფუნქციო იყო. მისი რეაბილიტაციის პროექტის ითვალისწინებდა სივრცის განვითარებას და ფუნქციურ დატვირთვას. პროექტის განვითარება, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორ ეტაპად დაიგეგმა. სამუშაოები გრძელდება და როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, ტურისტული სეზონისათვის ქალაქს ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 23.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები