მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს სამი ხელმძღვანელი პირი 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობის განკარგვისთვის დააკავეს

ბათუმის ნავთობტერმინალი

3 დეკემბერს საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობის საბაჟო წესების გვერდის ავლით განკარგვის ფაქტზე ყაზახეთის 3 მოქალაქე დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა ტერმინალის რეზერვუარებში არსებული 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულება 15 მილიონ ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების უკანონო განკარგვის შესანიღბად საბაჟო რეზერვუარებში დაბინძურებული, გამოსაყენებლად უვარგისი ნარჩენები განათავსეს, რათა რეალური მოცულობა დაეფარათ.

საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა მონაწილეთა გამოვლენის, ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის დადგენისა და კონტრაბანდული ნავთობის შემდგომი ბრუნვის შესწავლის მიზნით.

საქმეს სამართლებრივი კვალიფიკაცია ეძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები