მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმს ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატა - "გმირთა ხეივანი" და სახიდე გადასასვლელები ₾35 მლნ დაჯდა

გმირთა ხეივანი

ბათუმში, ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასრულდა და ახალი ტურისტული სეზონისათვის ქალაქს ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 35 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.

ქალაქის ახალი ცენტრალური სტადიონის მიმდებარე 1 კმ სიგრძის „გმირთა ხეივნის“ რეაბილიტაციის პროექტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, განახორციელა.

პროექტის მიხედვით, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, სავალი ნაწილის ბეჭდური ბეტონი, საფეხმავლო ბილიკები, კომერციული და მოსასვენებელი სივრცეები, შადრევნები, ველოსადგომები და დამონტაჟდა 2118 ცალი სხვადასხვა სახის დეკორატიული სანათი. ასევე, დასრულდა ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი 3 ლითონკონსტრუქციის საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობა. ხიდებზე მოეწყობა პანდუსის ტიპის სავალი ნაწილები, დეკორატიული ელემენტებითა და მრავალ ფუნქციური განათებებით. შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის, ხიდებზე განთავსდა ლიფტები.

საფეხმავლო სახიდე გადასასვლელი, პანდუსთან ერთად, უზრუნველყოფს კავშირს როგორც სამნაწილიანი ბულვარის მონაკვეთებს შორის, ისე ბულვარის კავშირს სანაპიროსთან.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ახალი ბულვარის რეაბილიტაციის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა, რომ ხეივანში შეიცვალა და განახლდა დენდროლოგია, კლიმატური პირობების შესაბამისად შერჩეული, სხვადასხვა ჯიშის 12000 მწვანე ნარგავით, გარემო მთლიანად არის ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის.

"მნიშვნელოვანია, რომ ახალი კომერციული სივრცეები შესაძლებლობას მისცემს მუნიციპალიტეტებს ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნისთვის, რომლითაც ისარგებლებენ, როგორც ბათუმელები, ასევე ქალაქის სტუმრები. რეაბილიტაციისას გამოყენებული იქნა სხვადასხვა ტიპის ენერგოეფექტური განათებები, ისევე როგორც მზის პანელები. შეიძლება ითქვას, რომ მაქსიმალურად ყველა თანამედროვე ინოვაცია იქნა დანერგილი. აღნიშნული პროექტი ნამდვილად არის ახალი სავიზიტო ადგილი და ახალი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც შეიძინა ქალაქმა ბათუმმა“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები