ბათუმში სამი ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნა გასაქირავებელი კომერციული ფართის საერთო ფართობს მოლებში სამჯერ გაზრდის. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ ბათუმის კომერციული უძრავი ქონების შესახებ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
ამჟამად ბათუმში ოთხი სავაჭრო ცენტრი ოპერირებს: Batumi Mall-ი, Metro City, Black Sea Mall-ი და DS Mall-ი. როგორც ცნობილია, 2025 წლისთვის სულ მცირე სამი ახალი მოლის გახსნა იგეგმება. საუბარია Grand Mall-ზე, Orbi City-სა და World Trade Center-ზე. ამ უკანასკნელს "ალიანს ჯგუფი" აშენებს.
„უმსხვილესი უძრავი ქონების დეველოპერების მიხედვით, სავაჭრო ცენტრებში ფართების მიწოდება სამომავლოდ შესაძლოა უფრო მეტიც იყოს [ვიდრე სამმაგი რაოდენობა]. ვაკანტურობის დონე, რომელიც 2020 წელს სტაბილური იყო, გასაქირავებელი ფართის ზრდის პარალელურად, გაიზარდა. თიბისი კაპიტალის გათვლებით, მიწოდების გაზრდის შედეგად 2025 წელს ვაკანტურობის მაჩვენებელი 24%-ს მიაღწევს“, - წერია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის სავაჭრო ცენტრებში საშუალო შეწონილი იჯარის მაჩვენებელი პანდემიის დროს მკვეთრად 37%-ით დაეცა (2020 წ). შემცირება, თიბისი კაპიტალის მიმოხილვით, რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია, მათ შორის სავაჭრო ცენტრების დროებითმა დახურვამ, მოიჯარეების შემოსავლების შემცირებამ და სავაჭრო ბრუნვაზე დაფუძნებულმა საიჯარო ხელშეკრულებებმა.
„თუმცა გაქირავების მაჩვენებელი სრულად აღდგა პანდემიის შემდეგ. 2022 წლის ივნისში ერთ კვ.მ.-ზე ფასი $18-ს შეადგენდა. ახალი მაღალი დონის სავაჭრო ცენტრების გახსნისა და რეგიონში დადებითი ეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, ჩვენ ველოდებით, რომ ბათუმის სავაჭრო ცენტრებში საშუალო შეწონილი იჯარის მაჩვენებელი 19%-ით გაიზრდება 2023 წელს და დამატებით 26%-ით 2024-2025 წლებში“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.