მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ახალი ბინების გასაყიდი ფასი გაიზარდა, ძველი ბინების კი შემცირდა - Colliers Georgia

ბათუმი

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბათუმში ბინების გაყიდვები შემცირებულია. აღნიშნულ პერიოდში ზღვისპირა ქალაქში 3 374 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 24%-ით ჩამორჩება.

Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 23%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 32%-იანი კლება დაფიქსირდა.

ამ პერიოდში ბათუმში გაყიდული ბინების ღირებულება 152 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც 2023 წლის პირველ კვარტალს 20%-ით ჩამორჩება.

წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 5%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 945 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 6%-ით, 685 აშშ დოლარამდე შემცირდა.

მარტის თვეს თუ შევხედავთ, recov.ge-ის მონაცემებით, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით 20%-ით, 1,185 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 14%-ით შემცირდა და 56 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

მარტში ახალაშენებული ბინების შემთხვევაში გაყიდვები 18%-ით, ძველი ბინების შემთხვევაში კი 28%-ითაა შემცირებული.

ამასთან, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 10%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 992 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების კი 2%-ით, 689 აშშ დოლარამდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები