„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, რომ ბათუმში კორპუსის ნაწილის ჩამონგრევა, 99 %-ით, მზიდი კედლის გამოცლით იყო გამოწვეული. მისი თქმით, ამაზე მეტყველებს კორპუსის ნგრევის ვიდეო, რომელიც გავრცელდა.
„მომხდარის მიზეზი მზიდი კედლის გამოცლა იქნებოდა. თავად ნგრევა ისე დაიწყო და ისე მიდიოდა, დაწოლა მოხდა პირველ და მეორე სართულზე, გადახურვის ფილებს შორის, პირველი სართულის ბათქაშიც კი გამოინგრა. ეს 99 %-ის სიზუსტით ნიშნავს, რომ ჩამონგრევა პირველი სართულის და სარდაფის შუა ნაწილში მზიდი კედლის გამოცლამ გამოიწვია. ეს ცალსახაა, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია“, - განაცხადა როსტომაშვილმა.
კითხვაზე, ვინ უნდა გააკონტროლოს არსებული ვითარება და რამდენად შეიძლება მერიის თანამშრომლების პასუხისმგებლობაზე ვისაუბროთ, როსტომაშვილი პასუხობს, რომ საცხოვრებელი ფონდის და მერიიის თანამშრომლების რაოდენობას შორის აბსოლუტური დისპროპორციაა.
„ვერც შეძლებენ მერიის, ზედამხედველობის თანამშრომლები გააკონტროლონ ყველა ბინა, ვის რა მოუვიდა თავში და ვინ რა სამუშაოს ასრულებს. ამასთან, მეორე საკითხია: თუ მოსახლეობიდან იყო მიმართვა, რომ სამუშობი მიდიოდა, ხმაური იყო თუ დოკუმენტურად მიმართეს, მაშინ ცხადია, ის სამსახურია პასუხისმგებელი, ვინც დროული რეაგირება არ მოხდინა“, - განაცხადა როსტომაშვილმა.
ამასთან, „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ მომხდარში 100 %-ით არის დამნაშავე სართველოს 4 მილიონი მოქალაქე. „ყველა ჩვენგანი პასუხისმგებელბი ვართ ამაზე. ვიდრე ამას არ გავიაზრებთ, არაფერი გვეშველება. სამი კაცი დაიჭირეს და მორჩა?“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ მსგავსი პრეცედენტები აუცილებლად იქნება და თან გახშირდება, რადგან ძალიან ბევრი ავარიული სახლია.
„ბევრი სახლია თბილისში, რომელიც შეიძლება ოდნავ ბიძგმაც კი ჩამოშალოს. დედაქალაქის მერს ვურჩევ, რომ მძიმე ტექნიკა მოიყვანოს, ის ხალხი გამოიყვანო იქიდან და დემონტაჟი მოახდინონ. მთელი მასივები ეგრეა თბილისში“, - აღნიშნა როსტომაშვილმა.
მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი მშენებლობის სამინისტროს შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც მისი თქმით, საკითხს სრულად მიხედავს.
“საკანონმდებლო დონეზე ამას სჭირდება მწყობრი კანონების შემუშავება, რაც უნდა გააკეთონ სპეციალისტებმა“, - აღნიშნა მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.