სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა.
უწყების თანახმად, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს, რომ ინდივიდუალური მეწარმე შ. თ. (მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაიაკოვსკის ქუჩა N 1) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას სავალდებულო აღიარების გარეშე ახდენდა. გარდა ამისა, ობიექტზე არ იყო დაცული რეალიზაციის პირობები, კერძოდ, დარღვეული იყო შეფუთვის მთლიანობა და აგროქიმიკატების რეალიზაცია ხდებოდა გახსნილ მდგომარეობაში.
სეს-ში აღნიშნავენ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. როგორც უწყებაში BMG-ს უთხრეს, დაკისრებული ჯარიმა 1000 ლარია.
"სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერების ინტერესების დაცვის და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აგრძელებს აქტიურ კონტროლს და ამავდროულად მოუწოდებს ბიზნესოპერტორებს, რომ დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას",- აცხადებენ უწყებაში.




























