მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში შიდა ფრენები მხოლოდ ნატახტრიდანაა - რატომ არ სრულდება თბილისი-ბათუმის რეისები?

ბათუმის აეროპორტი

რატომ არ სრულდება თბილისიდან ბათუმში პირდაპირი ავიარეისები? - ეს კითხვა BMG-მ ბაზარზე მოქმედ ავიაკომპანიებს მას შემდეგ დაუსვა, რაც BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ საკონსულტაციო კომპანია Salt Projects-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ საქართველოს ტურიზმის სუსტ და ძლიერ მხარეებზე საუბრისას შიდა ფრენების არასისტემურობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

"არ მეგულება მაღალგადამხდელუნარიანი ტურისტი, რომელიც 7-8 საათს გაატარებს გზაში ბათუმში წასასვლელად ან 9 საათს - სვანეთში წასასვლელად… ფაქტობრივად, ფრენები არ გვაქვს. რაც გვაქვს, იმას ფრენებს ვერ დავარქმევ", - თქვა ვალერი ჩეხერიამ.

დღეისათვის, ბათუმში პირდაპირი ფრენები მხოლოდ ნატახტრის აეროპორტიდან ხორციელდება - რეისებს სახელმწიფოს ერთადერთი კონტრაქტორი კომპანია აკ-ეარ ჯორჯია" ასრულებს და სუბსიდირებული ბილეთის ფასი 125 ლარია.

რაც შეეხება სხვა შიდა მიმართულებებს, რომელსაც ასევე, აკ-ეარ ჯორჯია" ასრულებს, ნატახტარი-მესტიის ასევე სუბსიდირებული ბილეთი ღირებულება 90 ლარია, ნატახტარი-ამბროლაურის რეისის ფასი - 50 ლარი, ხოლო მესტიიდან ქუთაისში გადაფრენა 50 ლარი დაგიჯდებათ.

აკ-ეარ ჯორჯიას“ ფინანსური დირექტორი ირინა მღებრიშვილი BMG-ის ეუბნება, რომ გარკვეული პერიოდით ნატახტრიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები შეწყვეტილი ჰქონდა, რადგან 2024 წლის თებერვლამდე ამ მიმართულებით Georgian Wings-ი დაფრინავდა, ხოლო თბილისიდან არ დაფრინავს, რადგან მიუხედავად სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებისა, მოგებიანი არაა.

"ჩვენთვის [თბილისი-ბათუმის რეისზე ფრენა] პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ, ხელშეკრულებით ვალდებულება გვაქვს, რომ 15-ადგილიანი თვითმფრინავით შევასრულოთ რეისები, რომლის ბაზირების აეროპორტი ნატახტარია. 30-ადგილიანი თვითმფრინავით რომ დავფრინავდით თბილისიდან ბათუმში, მერე სახელმწიფოს მოუნდა, 45-ადგილიანი თვითმფრინავით ფრენების შესრულება. ამას ასრულებდა კომერციულად და სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში Georgian Wings-ი. ჩვენ შეთანხმება გვქონდა გაფორმებული, რომ ამ პერიოდში ბათუმის მიმართულებით არც ნატახტრიდან, არც თბილისიდან აღარ ვიფრენდით. მაგრამ შემდეგ, [რაც 2024 წლის თებერვლიდან] Georgian Wings-მა შეწყვიტა კომერციული ფრენები და სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდანაც გავიდა, მერე ისევ მოგვმართეს, რომ განაახლეთ ნატახტრის აეროპორტიდან რეისებიო და განვაახლეთ", - განაცხადა ირინა მღებრიშვილმა.

აკ-ეარ ჯორჯიას" ფინანსური დირექტორი იმედოვნებს, რომ 2026 წლიდან მთავრობა შიდა ფრენებზე ახალ ტენდერს ახალი პირობებით გამოაცხადებს.

„2025 წლის ტენდერი ჩავარდა. ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობა, რადგან უნდოდათ ყველა ფრენა თბილისიდან შესრულებულიყო. ჩვენ ჰოლდინგური კომპანია ვართ და ჩვენი ინტერესია ნატახტრის აეროპორტიდან ფრენების შესრულება. შესაბამისად, თბილისიდან ფრენის ინტერესი არ გვქონდა და არც მიგვიღია იმ ტენდერში მონაწილეობა.

ჩვენ ვთავაზობდით, რომ თუ სახელმწიფო აცხადებს ტენდერს 5 500 დოლარზე, მე ნატახტრიდან ვიფრენ 4900 დოლარად, იმიტომ, რომ ნატახტრიდან ყველა მიმართულებით ფრენა ნაკლებ დროს მოითხოვს. შესაბამისად, ფასიც ნაკლები გამოდის და ასეთი პირობებით ყოველთვის ვაღწევდით შეთანხმებას. შარშანდელი ტენდერი ცალსახად მხოლოდ თბილისის აეროპორტზე იყო მორგებული“, - თქვა ირინა მღებრიშვილმა.

რატომ არ სრულდება თბილისიდან ბათუმში პირდაპირი ავიარეისები? - BMG-მ ამ კითხვით ყველაზე მსხვილ ქართულ ავიაკომპანია Georgian airways-საც მიმართა, რომელიც ბათუმი-თბილისის რეისზე ფრენებს 2002-2018 წლებში ასრულებდა. ავიაკომპანიაში გვითხრეს, რომ თბილისი-ბათუმი-თბილისი წაგებიანი მიმართულება იყო და უკვე დიდი ხანია აღარ დაფრინავენ.

"Georgian airways-ი 2002 წლიდან 2018 წლამდე ასრულებდა ბათუმის მიმართულებით ფრენებს. ყოველწლიურად წაგებიანი რეისები იყო - დაახლოებით, 1.5 მლნ ლარი. შემდგომ წლებში კომპანია იღებდა მონაწილეობას გამოცხადებულ ტენდერებში, თუმცა იგებდა სხვა კომპანია, რომელიც აღნიშნულ რეისებს ვეღარ ასრულებდა", - უთხრეს BMG-ის კომპანიაში.

რაც შეეხება Georgian Wings-ს, რომელიც თბილისიდან ბათუმში პირდაპირ ფრენებს 2024 წლის თებერვლამდე ასრულებდა, გასულ წელს კომპანიაში BMG-ის უთხრეს, რომ ბათუმი-თბილისის რეისზე ზაფხულის სეზონზე მოთხოვნა მაღალი კი იყო, თუმცა შესაბამისი ხომალდის არარსებობის გამო ფრენების შესრულება არარენტაბელური გახდა.

“ხელშეკრულება დავასრულეთ საჰაერო ხომალდზე [რომელიც თბილისი-ბათუმის რეისს ასრულებდა] და გვყავს მხოლოდ ბოინგის ტიპის თვითმფრინავები, რომლის გამოყენებაც კომერციულად თბილისი-ბათუმის ხაზზე არ არის გამართლებული. მაქსიმალური ფოკუსირება გავაკეთეთ საერთაშორისო მიმართულებაზე და ამ სეზონზე არ განვიხილავთ თბილისი ბათუმის მიმართულებით ფრენებს. საკმაოდ მოკლე რეისია თბილისი-ბათუმი-თბილისი. ხარჯიც იზრდება, როდესაც მოკლე რეისზე დაფრინავ. რაც უფრო მეტია ფრენის დრო, მით უფრო მოგებიანია ფრენა", - ამბობდა კომპანიის ხელმძღვანელი შალვა კიკნაძე.

რატომ არ სრულდება ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მაინც პირდაპირი ფრენები თბილისიდან ბათუმში და რას გეგმავს სახელმწიფო ამ მიმართულებით, BMG ამ კითხვებით შესაბამის უწყებებს მიმართავს და პასუხის მიღებისთანავე სტატიას განვაახლებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები