ბათუმში მიმდინარე ტურისტულ სეზონზე, წინა წლებთან შედარებით, ვიზიტორების ნაკლებობა შეინიშნება. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ გიდმა ქეთი უგლავამ ისაუბრა.
მისი თქმით, ტურისტული ნაკადების შემცირების ზუსტი მიზეზის დასახელება რთულია, თუმცა გავლენას შესაძლოა, როგორც ამინდი, ისე რეგიონში არსებული ვითარება ახდენდეს.
„სამწუხაროდ, წინა წლებთან შედარებით ტურისტების ნაკლებობა შეინიშნება. შეიძლება ამინდების გამოც იყოს, შეიძლება პოლიტიკური სიტუაციის გამოც, რაც ჩვენს ირგვლივ არის. ზუსტად ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ წინა წლებში ამ სეზონზე ბათუმში გაცილებით მეტი ხალხი იყო, ვიდრე ახლა. სამწუხაროდ, დღეს ნაკლები ტურისტია“, - განაცხადა გიდმა.
მისივე შეფასებით, უცხოელი ტურისტების გადაწყვეტილებაზე ყველაზე მეტად რეგიონში არსებული არასტაბილური გარემო მოქმედებს, რის გამოც არაერთი ტურიც გაუქმდა.
"ძირითადად, რასაც ტურისტები ამბობენ, არასტაბილური გარემოა მთავარი მიზეზი. უკრაინაში მიმდინარე ომი, ისრაელში არსებული ვითარება – ეს ყველაფერი ჩვენს ტურისტულ პოტენციალზეც აისახება. სამწუხაროდ, ამ არასტაბილური სიტუაციის გამო ბევრი ტური გაუქმდა და ეს სხვადასხვა ტურისტულ ობიექტზეც აშკარად იგრძნობა, სადაც ვიზიტორების ნაკლებობა შეინიშნება", – აღნიშნა გიდმა.




























