[ბათუმში] ზღვის წყლის მონიტორინგი განხორციელდა. წყლის აღებული ნიმუშების კვლევის მიხედვით აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულის ტურისტული სეზონის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ტურიზმის ხელშეწყობის და სტიმულირების გეგმა განიხილეს. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, კოორდინირებული მუშაობით, ტურიზმის სფეროში არსებული დადებითი დინამიკის შენარჩუნება, რათა აჭარა იყოს ოთხივე სეზონზე მიმზიდველი დანიშნულება.
"დაიგეგმა მნიშვნელოვანი აქტივობები მაღალმთიან აჭარაში ტურისტული ნაკადების კიდევ უფრო გაზრდის მიზნით. 2023 წელს შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 4, 6 მლნ ვიზიტს შეადგენს, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +20 %-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით არის გაზრდილი +10.4 %-ით. მზარდი ტურისტული დინამიკით დაიწყო აჭარაში 2024 წელიც.
2024 წლის I კვარტალის მონაცემით, შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 850 ათასზე მეტ ვიზიტს შეადგენს, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +11%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით არის გაზრდილი +34%-ით.
აჭარა ახალ სეზონს მთელი რიგი სიახლეებით ხვდება, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მხრივ. ბათუმიდან ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ფრენები 12 ქვეყანაში 25-ზე მეტი მიმართულებით შესრულდება",- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.