"ოცნების“ მთავრობის განათლების რეფორმას, კერძოდ მე-12 კლასის გაუქმების ინიციატივას "UG სკოლის" ადმინისტრაციის უფროსი, თინა თოფურია ნეგატიურად აფასებს. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი არა განათლების ხარისხის ამაღლებას, არამედ ქვეყნის გლობალური განათლების სტანდარტებიდან ჩამორჩენას და იზოლაციას გამოიწვევს.
„ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი. იმის ფიქრი, რომ ხარისხი მოიმატებს იმით, რომ ჩვენ ჩამოვშორდებით განვითარებულ სამყაროს, წარმოუდგენელია. მიგრაციის შეჩერება იმით კი არ უნდა ხდებოდეს, რომ ბავშვებს საზღვარგარეთ წასვლის საშუალებას არ მივცემთ, არამედ იმით, რომ თავად აღარ მოუნდეთ წასვლა, რადგან აქ მიიღებენ იმ ხარისხის განათლებას, რაც მათ განვითარებულ ქვეყნებში ელოდებათ“, - აცხადებს თოფურია.
მისი განმარტებით, პრობლემის ფესვი სასკოლო განათლების დაბალ ხარისხშია და არა მე-12 კლასის არსებობაში : „ბავშვები მე-12 კლასში არ დადიან იმიტომ, რომ მთელი 11 წლის განმავლობაში სკოლა ვერ აძლევს იმ განათლებას, რაც მათ სჭირდებათ გამოცდების ჩასაბარებლად. ამიტომ მიდიან რეპეტიტორებთან. გამოსავალი კლასის გაუქმება კი არა, სასკოლო განათლების ხარისხის ამაღლებაა“, - აღნიშნავს "UG სკოლის" ადმინისტრაციის უფროსი.
მისი შეფასებით, მე-12 კლასის გაუქმება კიდევ უფრო შეამცირებს მოსწავლეთა ცოდნის დონეს და საბოლოოდ მე-11 კლასში გადაიტანს იმავე პრობლემას, რაც მე-12 კლასშია.
„თუ მე-12 კლასი მოვხსენით, ზუსტად იგივე მოხდება მე-11-ში - ბავშვები აღარ ივლიან სკოლაში, მოემზადებიან გამოცდებისთვის და ერთი წლით ნაკლებს ისწავლიან. ეს ნიშნავს, რომ უკვე ისედაც სუსტი სასკოლო განათლება კიდევ უფრო შესუსტდება”, - აცხადებს ის.
გარდა ამისა, თოფურია ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ცვლილება სერიოზულად დააზარალებს საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც ვერ შეძლებენ უცხოეთში სწავლის გაგრძელებას, ვერც დაფინანსების მოპოვებას და ვერც უცხოური უნივერსიტეტების მოთხოვნებთან შესაბამისი განათლების მიღებას.
„ეს ყველაზე მეტად საჯარო სკოლის მშობლებს უნდა აწუხებდეთ. კერძო სკოლებში ბავშვები ისედაც 12 წელს სწავლობენ და საერთაშორისო პროგრამებით იღებენ განათლებას. საჯარო სექტორის ბავშვები კი ამ ცვლილებით საბოლოოდ დაკარგავენ თანაბარ შესაძლებლობებს“, - ამბობს თინა თოფურია.
მისივე თქმით, ეს პოლიტიკა „ბოლშევიზმის“ ნიშნებს ატარებს, როცა უმცირესობის, ნიჭიერი ბავშვების უფლებები ილახება და მათ განვითარების შესაძლებლობა არ ეძლევათ.
ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ, განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ სკოლები 11 წლიან სასწავლო პროგრამაზე უნდა გადავიდნენ. ირაკლი კობახიძის არგუმენტები ასეთია: სწავლის დასრულება 11 წელიწადში საკმარისია და მიზანია, ახალგაზრდების შენარჩუნება საქართველოში და მიგრაციის შემცირება; თუმცა, "ოცნების" პრემიერმა არ გამორიცხა, რომ სურვილის შემთხვევაში, მე-12 კლასის დამთავრების შესაძლებლობაც დატოვონ.




























