კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო, აგვისტოში ბავშვების და თინეიჯერების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, გასულ თვესთან შედარებით, 5-ჯერ გაიზარდა, ხოლო 4 წლამდე ასაკის ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი თითქმის 10-ჯერ - ამის შესახებ ამერიკული „ფორბსი“ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის კვლევაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, კვლევა აჩვენებს, რომ ისეთ შტატებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, COVID 19-ის გამო, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან მძიმდება.
აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებული 100 000 ბავშვის 49,7% ჰოსპიტალიზებულია, ამ რაოდენობაში კი ყველაზე ხშირად 4 წლამდე ასაკის ბავშვები ხვდებიან, რომელსაც 12-17 წლის ასაკის მოზარდები მოსდევს.
გამოცემა წერს, რომ ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის რიცხვი აგვისტოში დელტა ვარიანტის გავრცელებასთან ერთად გაიზარდა. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, რომელიც 14 შტატის საავადმყოფოების მონაცემებს ეყრდნობა, აუცრელი თინეიჯერები, ვაქცინირებულ თანატოლებთან შედარებით, თითქმის 10 -ჯერ უფრო ხშირად ხვდებიან საავადმყოფოში.




























