მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ის გამოსწორება შეუძლებელია, ის უნდა დაიხუროს — ილონ მასკი

ტრამპი / მასკი

როგორც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა და აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა X-ზე შემდგარი საჯარო დიალოგისას განაცხადა, USAID-ის, როგორც ორგანიზაციის გამოსწორება შეუძლებელია, რის გამოც ის უნდა დაიხუროს.

კონკრეტულად რა ბედი ელის აშშ-ის უდიდეს დონორ ორგანიზაციას, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ ორგანიზაციაში პრობლემების შესაძლო არსებობას ქვეყნის პრეზიდენტიც ადასტურებს. დონალდ ტრამპის შეფასებით, USAID-ის მენეჯმენტში შეშლილი რადიკალები არიან და ახლა, ორგანიზაციის ამ ადამიანებისგან გაწმენდის პროცესი მიმდინარეობს. USAID-ის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი, სავარაუდოდ, მოგვიანებით მიიღებს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, იგივე USAID-ი, მსოფლიოს უდიდესი დონორი ორგანიზაციაა, რომელმაც ფისკალურ 2023 წელს სხვადასხვა ქვეყანას $72 მილიარდის ფინანსური დახმარება გამოუყო. USAID-ის მიერ დაფინანსებულ მიმართულებებს შორის ვხედავთ, როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ასევე ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას, სუფთა წყლის უზრუნველყოფას და შიდსის მკურნალობას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დათვლებით, USAID-ზე გლობალური ჰუმანიტარული დახმარების 42% მოდის. თუმცა როგორც ილონ მასკი ამბობს, USAID-ი კრიმინალური ორგანიზაციაა, რომელიც ამერიკელი მოქალაქეების ფულით ბიოლოგიური იარაღის, მათ შორის COVID-19-ის კვლევას აფინანსებდა.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის განცხადებით, საგარეო დახმარების შემცირებით, რომელსაც ის თაღლითურ შავ ფულად მოიხსენიებს, აშშ-ის ხელისუფლებას შეუძლია ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი $1 ტრილიონით შეამციროს. კონკრეტულად რა პროგრამებს გულისხმობს აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ ეს თანხა, როგორც ჩანს, ილონ მასკმა და მისმა გუნდმა მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის გადარიცხვებზე წვდომა მიიღეს. აღნიშნული დეპარტამენტი, რომელიც აშშ-ში ფინანსთა სამინისტროს როლს ასრულებს, ფედერალური სააგენტოების სახელით, ყოველწლიურად, $6 ტრილიონის გადარიცხვებს ასრულებს.

ის, რაზედაც ილონ მასკი საუბრობს, სრულ თანხვედრაში არის აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამერიკაცენტრულ პოლიტიკასთან, რომელიც დასავლეთში America First-ის სახელითაა ცნობილი. ყველაზე ნათლად, ეს მიდგომა სწორედ სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობაზე ჩანს, რომლის დაფუძნება ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო, რომელიც დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ მიიღო. DOGE-ის აკრონიმით ცნობილი ორგანიზაცია არ არის ტიპური დეპარტამენტი, ანუ სამინისტრო, რადგან ის არის არა კონგრესის მიერ აღიარებული საკონსტიტუციო უწყება, არამედ პრეზიდენტის ოფისთან არსებული საკონსულტაციო საბჭო, რომლის მანდატი ფედერალური ბიუჯეტის მკვეთრი შემცირება იქნება.

თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ილონ მასკის და დონალდ ტრამპის საქმიანი ურთიერთობა მხოლოდ ახლად შექმნილი დეპარტამენტით არ შემოიფარგლება, რადგან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აშშ-ის პრეზიდენტის უდიდესი დონორია. როგორც დონალდ ტრამპი ამბობს, ბიუჯეტის ოპტიმიზაციის კუთხით ილონ მასკს ბადალი არ ჰყავს: “ზოგჯერ, შესაძლოა, არ დავეთანხმოთ და არ გადავდგათ ის ნაბიჯი, რომელიც მას სწორად მიაჩნია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის მოვალეობას მშვენივრად ასრულებს. ილონ ძალიან ჭკვიანი კაცია, რომელსაც ჩვენი ფედერალური ბიუჯეტის შემცირება სურს”, - განაცხადა პრეზიდენტმა, როცა ჟურნალისტებმა ილონ მასკის საქმიანობის შეფასება სთხოვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები