თბილისის მერია ილიაუნის C-კორპუსის დახურვას ეხმაურება, რომელშიც ბავშვთა განვითარების ცენტრის ფუნქციონირებდა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრში თბილისის მერიის "აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის" პროგრამის ფარგლებში, მომსახურებას 82 ბენეფიციარი იღებს.
"გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ცენტრი იხურება, რაც შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე
დადგინდა.
იმ შემთხვევაში, თუ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რის შესახებაც მუნიციპალიტეტის მერია საქმის კურსში 12 სექტემბერს ჩააყენეს, აღნიშნული ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული ფართის მოძიებას და პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდებას, ბავშვები და მოზარდები, მათი სურვილისამებრ, მერიის პროგრამის განმახორციელებელ სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან და არ მოხდება მათთვის თერაპიის სეანსების შეწყვეტა.
აღსანიშნავია, რომ მერიის პროგრამით მომსახურება, ჯამში, 1 850 ბავშვს და მოზარდს უფინანსდება", - წერია მერიის განცხადებაში.
საქმე ის არის, რომ დღეს ერთ-ერთი მოზარდის მშობელმა, რომლის შვილიც რეაბილიტაციას სწორედ აღნიშნულ ცენტრში გადიოდა, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სწავლის დაწყების წინ მშობლებს მოულოდნელად უთხრეს,რომ ცენტრი იხურება. მისი თქმით, შშმ ბავშვებისთვის ეს ძალიან მტკივნეული და რთული იქნება, მათ შორის სარეაბილიტაციო ადგილის შეცვლაც.