მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობის გასაყიდად გამოცხადებული ₾40.6-მილიონიანი აუქციონი არ შედგა

ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო

ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობის გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი არ შედგა. საუბარია აუქციონზე, რომელიც თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა N14-ში მდებარე სახელმწიფო ქონების გასაყიდად იყო გამოცხადებული.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონი მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების გასაყიდად, სადაც წლების განმავლობაში ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო ფუნქციონირებდა, 5 ნოემბერს გამოაცხადა, თუმცა 19 ნოემბერს ისე დასრულდა, რომ ქონების შესყიდვით არავინ დაინტერესებულა.

ობიექტი, რომელსაც ინვესტორი ჯერ არ ჰყავს, მოიცავს 16 837 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და 18 შენობა-ნაგებობას, მათ შორის ნანგრევებად ქცეულ ნაწილსაც. საწყისი ფასი 40,676,000 ლარი იყო, შესაბამისად, ერთ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს მთავრობა 2416 ლარად ყიდდა, რაც 892 დოლარის ტოლია.

აღსანიშნავია, რომ ქონება განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, რაც ნიშნავს, რომ მომავალ მფლობელს მოუწევს შესაბამისი ნორმების დაცვა. ამასთან, მომავალმა მესაკუთრემ უნდა გადაიხადოს თანხა ერთი თვის ვადაში და ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის განმავლობაში უზრუნველყოს, რომ ამ ტერიტორიით უსასყიდლოდ სარგებლობის შესაძლებლობა ექნება შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს“.

მიმდინარე წლის აპრილში ჯანდაცვის სამინისტრომ ამ საავადმყოფოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გადატანის მიზნით 40 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა. თუმცა, 2025 წლის 4 ივნისს სამინისტრომ ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები