მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბავშვთა ინფექციური „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებულმა „კოსტავა თაუერსმა“ ₾28.2 მილიონად იყიდა

ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა 14-ში მდებარე სახელმწიფო ქონება, ყოფილი ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო ₾28.2 მილიონად „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებულმა კომპანია „კოსტავა თაუერსმა“ იყიდა, რომელიც კოსტავას ქუჩაზე მომიჯნავე 33,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი შენობის მფლობელია, რომელიც კომპანიამ საჯარო აუქციონზე 2022 წელს 65 მილიონ ლარად შეიძინა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განმეორებით აუქციონზე თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა N14-ში მდებარე ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო მასზე არსებული შენობა-ნაგებობები 28.2 მილიონ ლარად 17 დეკემბერს გაიყიდა.

ყოფილი ბავშვთა ინფექციურის ახალი მფლობელი კომპანია „კოსტავა თაუერსი“ 2022 წელსაა დაფუძნებული და დირექტორი ვასილ ფხაკაძეა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი შპს „ველაჯიოა“, რომელიც თავის მხრივ მალტაში რეგისტრირებული კომპანია „გლობალ ინვესტორს ლიმიტედია“, რომელიც ბიზნესმენების სოსო და ლევან ფხაკაძეების დაფუძნებულია.

აღსანიშნია, რომ ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს გასაყიდად პირველი აუქციონი ნოემბერში გამოცხადდა და მასში 16 837 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი 40,676,000 ლარად იყიდებოდა. თუმცა აუქციონი ვერ შედგა, რის გამოც დეკემბერში ის განმეორებით გამოცხადდა და მასში საწყისი ფასი 28,200,000 ლარი იყო. Eauction-ის სისტემის თანახმად, აუქციონში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა და „კოსტავა თაურსმა“ ქონება ერთი ბიჯის გაკეთებით - 28,210,000 ლარად შეიძინა, რაც კვადრატულ მეტრზე 621 დოლარის ტოლფასია.

ქონება განთავსებულია გმირთა მოედნის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობის მიმდებარედ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, რაც ნიშნავს, რომ მომავალ მფლობელს მოუწევს შესაბამისი ნორმების დაცვა.

აუქციონის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა მონაწილემ თანხის ნაწილი ერთთვიან ვადაში უნდა გადაიხადოს და ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის განმავლობაში უზრუნველყოს, რომ ამ ტერიტორიით უსასყიდლოდ სარგებლობის შესაძლებლობა ექნება შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს“.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილში ჯანდაცვის სამინისტრომ ამ საავადმყოფოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გადატანის მიზნით 40 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა. თუმცა, 2025 წლის 4 ივნისს სამინისტრომ ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით საავადმყოფო კვლავ არსებულ ტერიტორიაზე აგრძელებს ფუნქციონირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები