მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბაზალტ ფაიბერსის“ გაყიდვები 20-30%-ით გაიზარდა - ძირითადი ბაზარი ევროპაა

63bfd81e4e9ad
ვიქტორია მღებრიშვილი
12.01.23 13:45
405
კომპანია „ბაზალტ ფაიბერსის“ გაყიდვები გასული წლის განმავლობაში 20-30%-ით გაიზარდა, რეალიზების ძირითადი ნაწილი ექსპორტზე მოდის.

ადგილობრივი წარმოება ქვეყანაში 2000 წლიდან ბაზალტის ქვიდან, ძაფსა და შემდგომ 10-მდე დასახელების სამშენებლო და კომპოზიტური მასალებს აწარმოებს. „ბაზალტ ფაიბერსის“ დირექტორის ივერი ქუცნაშვილის თქმით, 2022 წელს გაყიდვებში ექსპორტის წილი გასამმაგდა.

„2022 წელს გაყიდვები 20-30%-ით გაიზარდა. პანდემიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვებს მაჩვენებლის ზრდა მცირეა. ადგილობრივად ჩვენი პროდუქტი საგზაო პროექტებში ან შენობა-ნაგებობების გამაგრებისთვის გამოიყენება.
ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ რიცხვების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ადგილობრივი გაყიდვების შეფერხებაა, რაც იმ ტენდერების გადადებით არის განპირობებული, რომელშიც ჩვენი პროდუქცია უნდა გამოეყენებინათ. ეს ძირითადად სვანეთის გზების პროექტებია“, - ამბობს ქუცნაშვილი.

კომპანიის ხელმძღვანელი პროდუქტის ექსპორტის ზრდის მიზეზებსაც განმარტავს და ამბობს, რომ გასულ წლებში ქვეყნის საზღვრებს გარეთ წარმოებული პროექტის მხოლოდ 20% იყიდებოდა.

„ბაზალტის ფიბრის მწარმოებელი იყო უკრაინაც, შესაბამისად იქ მოქმედი საწარმოები გაჩერდა და საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნა გაიზარდა. შესაძლოა ევროპაში გაყიდვების ზრდა სწორედ ამ ფაქტორით იყოს განპირობებული. წინა წლებში ექსპორტზე წარმოების 20% იყო მიმართული, დღეისთვის კი ეს მაჩვენებელი ფაქტობრივად გასამმაგებულია. დღეისთვის გაყიდვების ნახევარზე მეტი ექსპორტზე მოდის. ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი დასავლეთ ევროპის ქვეყნები გერმანია, ავსტრია, ნიდერლანდები, ბელგია და პოლონეთია“, - უთხრა BM.GE-ს ივერი ქუცნაშვილმა და დასძინა, რომ კომპანიის 2023 წლის მიზანი წარმოების გაზრდაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები