"ინნ ჯგუფის" თანადამფუძნებელი პაატა კოკაია დადებითად აფასებს შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლითაც 2026 წლის 1 მარტიდან უცხოელებს საქართველოში ანაზღაურებადი საქმიანობისთვის ახალი სავალდებულო მოთხოვნები უწესდებათ.
პაატა კოკაია "ანალიტიკას" ეთერში "ინნ ჯგუფის" მაგალითზე უცხოელთა დასაქმებისა და მათი ანაზღაურების სპეციფიკაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართული სამუშაო ძალის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
"დეველოპერულ ბიზნესში კვალიფიციურ პოზიციებზე უცხოელი მუშახელი ნაკლებად არის დასაქმებული. აქ რეალურად საუბარია მხოლოდ არაკვალიფიციურ მუშაზე, რომელმაც ნაგავი უნდა გაიტანოს, ან მეტლახი მიაწოდოს, ან კაფელი მიაწოდოს. არაკვალიფიციური მუშის დღიური ანაზღაურება 70 ლარი იყო და ფაქტობრივად ვერავის ვშოულობდით, გახდა 80 ლარი, ყოველი დამატებითი საათი ანაზღაურდება, შაბათი ცალკე ანაზღაურდება და დაახლოებით 2000 ლარი გამოდის ხელფასი. ხელფასის 2000 ლარამდე გაზრდის შემდეგ მუშების დეფიციტი აღარ არის. რაც შეეხება ჰორეკა სექტორს, ჩვენ სასტუმროები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გვაქვს, იყო პრობლემები დაახლოებით 2-3 წლის წინ, როდესაც კოვიდი მძვინვარებდა, მაგ პერიოდში ეს სისტემა თითქმის მთლიანად ჩამოიშალა, ბევრი თანამშრომელი დავკარგეთ, სამწუხაროდ, და მათ აღდგენას დრო დასჭირდა, მაგრამ დღესდღეობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მთლიანად დაკომპლექტებული ვართ.
მე პირადად ასე ვფიქრობ, რომ ჩვენი ბაზარი უნდა დავიცვათ და ქართველი არ უნდა გარბოდეს საზღვარგარეთ და ქართველის ადგილს არ უნდა იკავებდეს მეორე და მესამეხარისხოვანი ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტი იქნება თუ უკანონო მიგრანტი. მე ვფიქრობ, უნდა დავიცვათ პირიქით შრომითი ბაზარი", - ამბობს "ინნ ჯგუფის" თანადამფუძნებელი.
როგორც პაატა კოკაია BMG-ის ეთერში ამბობს, მისი აზრით, იმ შრომით მიგრანტების ქვეყანაში შემოდინება, რომლებიც ანაზღაურებას უცხოეთიდან იღებენ და ადგილობრივ ეკონომიკაში მონაწილეობენ, ქვეყნისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია.
"ერთადერთი, რასაც ვხედავ და რისთვისაც არის ეს საკანონმდებლო ცვლილება დაანონსებული, არის რომ არალეგალური მიგრანტები არ უნდა დასაქმდნენ საქართველოში. რა თქმა უნდა, უნდა შემოვიდნენ საქართველოში, მათ შორის, IT სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი ხელფასი და ქართველს სამსახურს კი არ ართმევენ, პირიქით, უცხოეთში უწევენ მომსახურებას და აღებულ ფულს ქვეყანაში ხარჯავენ - ზუსტად ასეთი მიგრატნები გვჭირდება, მაგრამ არ გვჭირდება ადამიანი, რომელიც, როცა მინიმალური ხელფასი 1500 ლარი მაინც უნდა იყოს, მოვა და 1000 ლარად იმუშავებს", - ამბობს პაატა კოკაია.
1-ელი მარტიდან, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება რთულდება. კერძოდ, ერთ-ერთი მთავარი სიახლეა „შრომითი საქმიანობის უფლება“, რომლის გარეშეც უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება აკრძალული იქნება. შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა როგორც უცხოელი თანამშრომლის, ისე დამსაქმებლის დაჯარიმებას გამოიწვევს.




























