მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელების დასაქმებისთვის კვოტების შეთანხმებაზე პრობლემა უფრო დიდ კომპანიებს შეექმნება - ლევან ვეფხვაძე

ვეფხვაძე

შრომითი მიგრაციის მარეგულირებელ ნორმებში კვოტირების მექანიზმი შემოვიდა. გასული კვირიდან ძალაში შევიდა მთავრობის 70-ე დადგენილებაში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც თუ დამსაქმებელი წლის განმავლობაში 5-ზე მეტი უცხოელის დასაქმებას გეგმავს, მას შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნამდე დასაქმების სააგენტოსთან წლიური კვოტის შეთანხმება მოუწევს.

როგორც დასაქმების სააგენტო განმარტავს, კვოტირების განსაზღვრისთვის გათვალისწინებული იქნება კომპანიის წლიური ბრუნვა, თითოეულ უცხოელზე არანაკლებ 50 ათასი ლარის ოდენობით.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ კვოტის შეთანხმების ნორმა განსაკუთრებულ გამოწვევას მსხვილი ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ქმნის.

“თუ 50 000-ზე ზემოთ ბრუნვა გაქვს, ყოველ დასაქმებულზე შენ გჭირდება კვოტის შეთანხმება. უფრო დიდ კომპანიას აქვს პრობლემა კვოტების შეთანხმებაზე. ცხადია, ამ კვოტების შეთანხმების ნაწილში ჩვენ გვექნება დისკუსია, იმიტომ რომ გასაგებია, რომ ბიზნესი ძალიან დინამიკურია და წინასწარ არსებული კვოტები, რაც არ უნდა შევათანხმოთ, მისი დაცვა შეიძლება მოთხოვნიდან გამომდინარე იყოს შეუძლებელი. მათ შორის, თუნდაც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე მსხვილ ინფრასტრუქტურულ კომპანიებს შეიძლება დაუდგეთ საკითხი ახალ პროექტში შესვლის და იქ უკვე წინა წლის ბოლოს დამტკიცებული კვოტები არარელევანტური იყოს”, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

შრომითი მიგრაციის ახალი მარეგულირებელი ნორმები მთავრობის წევრებმა დღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს წარუდგინეს.

იმის გამო, რომ 2026 წლის 1 მარტიდან შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა კერძო სექტორში გარკვეული პრობლემები შექმნა, საჭირო გახდა რიგი საკითხების დაზუსტება. დაზუსტდა როგორც შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი, ისე პროცედურები. გაფართოვდა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩამონათვალიც, რომლებზეც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება აღარ გავრცელდება. შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება აღარ დასჭირდებათ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც, რომლებიც საქართველოში მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის მიზნით ჩამოდიან.

ბიზნესი ამბობს, რომ თავდაპირველი სტანდარტები ზედმეტად მკაცრი და არაპროპორციული იყო.

“ვფიქრობ, თავიდან, რაც ამოქმედდა იყო ძალიან მკაცრი სტანდარტები და ნორმები, არაპროპორციული იმ მიზნის, რაც იდეაში სტანდარტებს ჰქონდა - ბაზრის დაცვა, უსაფრთხოება და ა.შ. იმდენად ხელს უშლიდა ოპერაციების ნაწილში ბიზნესებს, რომ გარკვეულწილად შექმნა პრობლემები. მათ შორის საუბარი იყო ისეთ ბიზნესებზე, რომლებიც სრულად უცხოურ ბაზარს ემსახურებიან, მათ შორის დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებზე როცა არის საუბარი და მათ შორის მოკლევადიან ვიზიტებზე.

ეს თემები მეტ-ნაკლებად ახალ რეგულაციებში ასახულია. ჩვენი შეხვედრა [მთავრობის წევრებთან] ეძღვნება იმას, თუ რამდენად ცხადად არის ეს ყველაფერი წარმოდგენილი კანონმდებლობაში, ხომ არ არის რამე დასაზუსტებელი, ხომ არ არის რაიმე ისეთი კითხვა ბიზნესის მხრიდან, რომელიც საჭიროებს პასუხის გაცემას და ა.შ. ამ კუთხით დიალოგი ყოველთვის გაგრძელდება”, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

მოქმედი რეგულაციით, 1 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დასაქმება მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე შეუძლიათ. იმისათვის, რომ უცხოელმა საქართველოში კანონიერად იმუშაოს ან განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა მან „შრომითი საქმიანობის უფლება“ უნდა მოიპოვოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები