მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაზარზე კონკურენციის ზრდასთან ერთად, Novo Nordisk 9 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს

eli lillu

მას შემდეგ, რაც ფარმაცევტულმა კომპანიებმა წონაში კლების პრეპარატების ბაზარზე კონკურენციის ზრდასა და მოგების მოსალოდნელ შემცირებაზე მიიღეს გაფრთხილება, Novo Nordisk-მა სამუშაო ძალის 11%-ით შემცირებისა და მსოფლიოს მასშტაბით 9 000 თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

ეს დანიური კომპანიის ახალი დირექტორის, მაიკ დუსდარის მიერ მიღებული პირველი მასშტაბური გადაწყვეტილებაა, რასაც ფონად სდევს წონის კლების სექტორის ზრდის სწრაფი ტემპით გამოწვეული წნეხი Novo Nordisk-ზე.

საქმე ისაა, რომ წონის კლების პრეპარატებზე მოთხოვნა ბოლო წლებში, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც მაიკ დუსდარმა აღნიშნა, ბაზარი მხოლოდ ვითარდება, უფრო და უფრო კონკურენტუნარიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული ხდება და ამ ცვლილებას ფეხი კომპანიამაც უნდა აუწყოს.

Novo Nordisk-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი Mounjaro-ს მწარმოებელი Eli Lilly-ია, რომელმაც ბრიტანეთის ბაზარზე წონის კლების პრეპარატის ფასი იმდენად გაზარდა, რომ პაციენტები საჭირო დოზების ყიდვას ვეღარ ახერხებენ. Mounjaro-ს ერთთვიანი კურსის ღირებულება 122-დან 330 გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა. ამავდროულად, კომპანიამ ბრიტანელ დისტრიბუტორებს ფასდაკლება შესთავაზა, რაც სავარაუდოდ, ფასნამატს შეამცირებს.

Eli Lilly-მ Mounjaro-ზე ფასის მომატების გადაწყვეტილება ევროპისა და აშშ-ის ბაზარზე პრეპარატის ღირებულებასთან დაახლოების საბაბით ახსნა.

Novo Nordisk ჯერ კიდევ ივლისში იტყობინებოდა, რომ კომპანიის წლიური გაყიდვები და მოგება მოსალოდნელი ტემპით აღარ გაიზრდებოდა. სანაცვლოდ, მათი მიზანია, მომდევნო წლის ბოლომდე ხარჯები 8 მილიარდი დანიური კრონით შეამცირონ.

"ყოველთვის რთულია, ნიჭიერი და ძვირფასი კოლეგების წასვლას უყურო, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ეს Novo Nordisk-ის გრძელვადიანი წარმატებისთვის სწორი ნაბიჯია", - განაცხადა კომპანიის CEO-მ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლებთან მოლაპარაკებებს მომდევნო თვეებში დაიწყებენ და ეს პროცესი შრომის კოდექსთან სრულ თანხვედრაში იქნება. კომპანიის ფინანსურ შედეგებზე ანგარიში კი 5 ნოემბერს გამოქვეყნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები