მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე მალე ქართული ღვინის სადეგუსტაციო ნაკრებები გამოჩნდება - ghvino.ge-ს გეგმები

6400b6fdeb0ad
სალომე ხიდურელი
05.03.23 15:48
965
სტარტაპი, რომელიც მომხმარებლებს ინდივიდუალურად შერჩეული ღვინის სადეგუსტაციო ნაკრებებს სთავაზობს, ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე გამოჩენისათვის ემზადება. კომპანიის გეგმებზე BM.GE-სთან Ghvino.Ge-ს დამფუძნებელმა მარიამ ჩხვირკიამ ისაუბრა.

მისი თქმით, ghvino.ge-ს მიზანი უნიკალური ქართული ღვინის პოპულარიზაცია და დარგში ინოვაციის შემოტანაა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ღვინის სექტორი საკმაოდ სწრაფად ვითარდება - ჩნდება ახალი მარნები, იხვეწება უკვე არსებული კომპანიების პროდუქცია - საერთაშორისო ბაზარზე ქართულ ღვინოზე დაბალი მოთხოვნაა. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ გადავწყვიტე შემექმნა ghvino.ge, რომლის მიზანიცაა, ერთი მხრივ, საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარს მრავალათასწლიანი ქართული ღვინის კულტურა გააცნოს, მეორე მხრივ კი აღმოფხვრას მსოფლიოს მასშტაბით მეღვინეობაში ინოვაციების დეფიციტი. გვინდა, ვიყოთ მაგალითი, რომ ამ უძველეს დარგშიც კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება“, - ამბობს მარიამ ჩხვირკია.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, ღვინის სადეგუსტაციო ნაკრები ქართველი მეღვინეების პროდუქციით დაკომპლექტებული და სრულიად მომხმარებლის გემოვნებაზე მორგებული იქნება.

„ჩვენი სერვისის მთავარ ატრიბუტს წარმოადგენს სადეგუსტაციო ნაკრები, რომელშიც გაერთიანებულია 50მლ მოცულობის 5 სრულიად განსხვავებული, ადგილობრივი წარმოების ღვინო. ვაპირებთ, ღვინის არჩევა ალგორითმის საშუალებით გავამარტივოთ, რომლის დახმარებითაც გამოვიცნობთ მომხმარებლის გემოვნებას და მისთვის შესაფერის ღვინოებს გავუგზავნით, რომლებიც ყოველთვიურად განახლდება და ახალი გემოების აღმოჩენაში დაეხმარება.

ადგილობრივ ბაზარზე ghvino.ge-ს სერვისს ელექტრონული კომერციის სახე ექნება. ჩვენი მიზანია ღვინის ყუთის შეძენა სახლიდან გაუსვლელად იყოს შესაძლებელი, რათა პროდუქტი ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს. თუმცა სამომავლოდ იგეგმება თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში განთავსებაც“, - ამბობს მარიამ ჩხვირკია.

გარდა ადგილობრივი ბაზრისა, როგორც ჩხვირკია BM.GE-სთან განმარტავს, კომპანია აქტიურად მუშაობს ღვინის ნაკრების დიდ ბრიტანეთში გატანაზეც. მისი თქმით, სწორედ ამ ქვეყანაშია გაზრდილი მოთხოვნა ქარვისფერ და ბიო ღვინოებზე და ბრიტანელ იმპორტიორებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

ინფორმაციისთვის, სტარტაპმა 14 000 ლარის ოდენობით პირველადი ინვესტიცია USAID-ისა და "კრისტალ ფონდისაგან" მოიპოვა. Ghvino.ge-ს დამფუძნებლის თქმით, კომპანია უკვე 9 თვეა აქტიურად მუშაობს იდეის სისრულეში მოყვანაზე და პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე სულ მალე გამოჩნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები