2024 წელს ნედლი რძის წარმოება ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად შემცირდა, ფასი კი გაიზარდა - ამის შესახებ bm.ge-თან რძის სექტორში მომუშავე კომპანიები აცხადებენ. ამბობენ, რომ ბაზარზე მომატებულია ფალსიფიცირებული პროდუქციის რაოდენობაც, რომელიც სათანადოდ არ კონტროლდება, რაც დარგს მნიშვნელოვნად აზარალებს.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს ჯამურად ქვეყანაში რძის შემცვლელი პასტის იმპორტი წლიურად 71%-ით გაიზარდა, რაც დარგის წარმომადგენლების თქმით, საგანგაშო მაჩვენებელია და ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას მომავალ უკარგავს.
"კავკასუს გენეტიკას" დირექტორი ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე 2024 წელს ევროპიდან მსხვილფეხა საქონლის იმპორტიც შემცირდა, რის გამოც ბიზნესმა ფერმების გაფართოება ვერ შეძლო. მისი შეფასებით, დარგისთვის, ნედლი რძის ისედაც შემცირებული წარმოების ფონზე, ეს დამატებითი გამოწვევა იყო.
“საქართველოს ბაზარზე არის ნედლი რძის დეფიციტი, რომლის შევსებაც იმპორტირებული რძის პასტით ან ფხვნილით ხდება. არც 2024 წელი იყო გამონაკლისი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ძალიან თანამედროვე ფერმა გაიხსნა და რძის წარმოებამ შედარებით მოიმატა, ამავე დროს რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტების წარმოება დაიწყო, რაც აქამდე არ ხდებოდა. ეს პირველ რიგში ეხება ყველის წარმოებას. იმის ხარჯზე, რომ გაიზარდა რძის პასტისგან და ფხვნილისგან წარმოებული ყველის რაოდენობა, მოიმატა ამ პროდუქტებზე მოთხოვნამაც, რაც მთლიანად იმპორტირებულია.
კიდევ ერთი რეალური შეფერხება იყო ის, რომ გასულ წელს ევროპაში ცხოველებში გავრცელდა დაავადება ბლუტანგი, რის გამოც სანაშენე ცხოველების ექსპორტი მთლიანად აიკრძალა და აღარ მოხდა შემოყვანა ბაზარზე. ჩვენ ადგილზე სანაშენე საქონელს ვერ ვაწარმოებთ, შესაბამისად, ფერმების დაკომპლექტება ვერ მოხერხდა. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა გასულ წელს და მიზეზი იმისა, რომ ნედლი რძის რაოდენობა ვერ გაიზარდა.”- ამბობს "კავკასუს გენეტიკას" დირექტორი გიორგი ხატიაშვილი.