ბაზარზე ახალი ონლაინ პლატფორმა watcher.ge გამოჩნდა, რომელიც ყველა საარჩევნო ოქმის ანალიზის საშუალებას იძლევა. watcher.ge-ის დეველოპერებმა ლევან ილაშვილმა და ოთარ მამესწარაშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადეს, რომ თუ რომელიმე უბანზე ცესკო კონკრეტულ ფაილს დაამატებს ან შეცვლის, ისინი ამის ანალიზს გააკეთებენ, რაც სისტემაში შეინახება.
დეველოპერებმა მომხმარებლებისთვის სისტემის უფრო დეტალურად გასაცნობად ყურადღება სხვა კონკრეტულ საკითხებზეც გაამახვილეს და ახალი ონლაინ პლატფორმის შექმნის მიზეზებიც განმარტეს.
“watcher.ge მარტივი მიზეზის გამო შევქმენით, როდესაც დადასტურდა ფაქტები, რომ ცესკო მის მიერ ატვირთულ ოქმებს ცვლიდა და ის ასე მარტივად ახალი ოქმებით არ უნდა ჩანაცვლებულიყო, გადავწყვიტეთ, ცესკოს გვერდიდან მონაცემები აგვეღო, ანალიზი გაგვეკეთებინა, ჩვენთან შეგვენახა და ცვლილებებს დავკირვებოდით.
watcher.ge საშუალებას გვაძლევს ადამიანებს ვანახოთ ოქმებთან დაკავშირებით რა იცვლება. ასევე გვაქვს ანალიტიკური მთვლელი, რომელიც სხვადასხვა მონაცემებს გვიჩვენებს, მაგალითად თითოეულ უბანზე რამდენი ჩასწორების ოქმია ატვირთული და რომელია ამ მხრივ პრობლემური ოქმი.
მალე მეორე ტური იქნება და გვინდა, რომ პროცესები ჩვენ პლატფორმაზე უფრო გამჭვირვალედ ჩანდეს. ყველა არჩევნებზე ერთადერთი მიზანი გვექნება, ყველა ის ინფორმაცია, რასაც ცესკო გაასაჯაროებს, პროცესის დაწყებისთანავე გვქონდეს და მას ანალიზი გავუკეთოთ.
ჩვენ ახლა ხელნაწერების ამოცნობზე ვმუშაობთ და ისეთი მოდელის მიღება გვინდა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ოქმები მაქსიმალური სიზუსტით გავაანალიზოთ. ამ დროს უკვე პროდუქტის კომერციალიზაციაზე ფიქრსაც დავიწყებთ”, - აღნიშნა ლევან ილაშვილმა.
“ნებისმიერ პირს კონკრეტული ოქმის გადმოწერა ნებისმიერ დროს შეუძლია. ამ სისტემას ხალხისთვის უფრო ღიას გავხდით და ეს ეჭვს იმის შესახებ მოსპობს, თუ როგორ მუშავდება მონაცემები.
ეს პროექტი რომ არჩევნებამდე გვქონოდა, ყველაფერი უფრო გამჭვირვალე იქნებოდა. მომდევნო არჩევნებზე ყველა იმ იდეას გავითვალისწინებთ, რაც დღეს გვაქვს.
უბანზე დაწერილი ოქმის ყველა ვერსიას გადმოსაწერად გავასაჯაროვებთ, ასევე ვაპირებთ, რომ ამ ვერსიაში მომხმარებლები მეტად ჩართულები იყვნენ და რაც შეიძლება მეტი ფუნქცია დაემატოს.” - განმარტა ოთარ მამესწარაშვილმა.




























