სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს არ აქვს შესრულებული DCFTA-ით განსაზღვრული აქტივობა, რაც რისკების შეფასების სისტემის დანერგვას გულისხმობდა. სააგენტოში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, არ არის შემუშავებული სტანდარტული საოპერაციო პროცედურა, რაც უნდა ითვალისწინებდეს: პროდუქციის შესარჩევი ნიმუშების რაოდენობას, ნიმუშების მოპოვების მეთოდს და ა.შ.
აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბაზარზე ეფექტიანი ზედამხედველობისთვის მნიშვნელოვანია პრიორიტეტების განსაზღვრა, რა მიმართულებით არის უმჯობესი მისი რესურსის გამოყენება მაქსიმალური შედეგების მისაღწევად, რამდენადაც ბაზარზე პროდუქტების რაოდენობა ძალიან დიდია, ხოლო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს რესურსები − შეზღუდულია. ამიტომ ბაზარზე ზედამხედველობის გეგმაში პროდუქტების შესატანად რისკის ანალიზისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ფაქტორები:
- ინფორმაციის წყაროებიდან მიღებული პროდუქტთან დაკავშირებული რისკის შესახებ ინფორმაცია;
- წარსულში პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის ან შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ არსებული ინფორმაცია;
- ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მახასიათებლები, რაოდენობა/მოცულობა და მომხმარებლებზე მისი შესაძლო ნეგატიური ზეგავლენა;
- პროდუქტები, რომელთა დანიშნულებით გამოყენება გამიზნულია მომხმარებელთა მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
ანგარიშშია ასევე მითითებულია, რომ ზედამხედველობის მიზნების უზრუნველსაყოფად, ზედამხედველობის ტექნიკის საუკეთესო პრაქტიკის თანახმად, რისკის შეფასება ანალიზის თაობაზე უნდა შედგეს რისკის შეფასების ანგარიში, რომელიც როგორც მინიმუმ უნდა შეიცავდეს:
- პროდუქტის იდენტიფიცირებას და აღწერას;
- საფრთხეების აღწერას;
- შესაძლო ტრავმის/დაზიანების მიღების სცენარის აღწერას;
- დასკვნას.
საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად კი შესამოწმებელი ნიმუშების შესარჩევად ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს სტანდარტული საოპერაციო პროცედურა უნდა ჰქონდეს, რაც შესარჩევი ნიმუშების რაოდენობას, ნიმუშების მოპოვების მეთოდს, ნიმუშებთან დაკავშირებით მოსათხოვ დოკუმენტებს, რამდენად მოხდება ნიმუშის შერჩევა წინასწარი შემოწმების შემდეგ და ა.შ. უნდა მოიცავდეს.
აუდიტის პროცესში ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ „სააგენტოს მიერ რისკის ანალიზის, მის საფუძველზე ბაზარზე ზედამხედველობის კვარტალური გეგმების შედგენის და რესურსების განაწილების არსებული პრაქტიკა არასრულყოფილია. შესაბამისად, სააგენტოს ამგვარი პრაქტიკა ვერ ჩაითვლება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რისკის შეფასებად, შესაბამისი პირველადი მონაცემების და მათ საფუძველზე შედგენილი რისკის შეფასების ანგარიშების არარსებობის გამო“.
ანგარიშში ასევე DCFTA-ს წლიური შესრულების ანგარიშებზე დაყრდნობით წერენ, რომ სააგენტო აუდიტის პერიოდში ცდილობდა IT ინფრასტრუქტურის და მათ შორის რისკის შეფასების პრაქტიკის გაუმჯობესებას. კერძოდ, 2021 და 2022 წლების ანგარიშებში აღნიშნულია, რომ დასრულდა მუშაობა რისკის შეფასების სისტემის (პროგრამის) კონცეფციაზე და იგეგმებოდა IT სისტემის ტექნიკური მახასიათებლების მომზადება სატენდერო დოკუმენტაციის განვითარების მიზნით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სააგენტოს რისკის იდენტიფიცირების სისტემა უნდა იძლეოდეს შემოწმებების და პროდუქტების სხვადასხვა ნიშნის მიხედვით კატეგორიზაციის, კლასიფიკაციის, დაჯგუფების, დახარისხების შესაძლებლობას. ინსპექტირების შედეგებისა და საბაჟო სასაზღვრო ინსპექტირების დროს მიღებული ინფორმაციის მიხედვით, პროგრამამ უნდა განსაზღვროს რისკის მქონე პროდუქტი/ბიზნესი იმისათვის, რომ აღნიშნული მონაცემები გამოიყენოს საზედამხედველო პროცედურების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.
„აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სააგენტოს დღემდე არ აქვს ზემოაღნიშნული კონცეფციის შესაბამისად შემუშავებული რისკების იდენტიფიცირებისა და შეფასების თანამედროვე სისტემა და ამ მიმართულებით DCFTA-ით განსაზღვრული ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევის პროგრესი არ შეინიშნება“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების აუდიტმა ასევე დაადგინა, რომ რისკების მართვის სისტემის დანერგვა ფინანსური რესურსების მობილიზებასთან იყო დაკავშირებული, რაც სააგენტოს მხრიდან დაფიქსირებული მოთხოვნის მიუხედავად შესაბამისი წლების ბიუჯეტებში გათვალისწინებული არ ყოფილა.
„კერძოდ, სააგენტომ წარმოადგინა 2022 და 2023 წლების ბიუჯეტების დაგეგმვის მიზნით შემუშავებული დოკუმენტები, რომლებშიც აღნიშნული სისტემის შექმნის მიზნით, 2022 წელს ზღვრული მოცულობის ზემოთ ხარჯების ზრდის ნაწილში მოთხოვნილია 100,000 ლარი, ხოლო 2023 წელს − 200,000 ლარი; ასევე სააგენტომ გასული პერიოდის მიზნების და ამოცანების შეუსრულებელი კომპონენტების შესახებ მოწოდებულ ინფორმაციაში, ამ საკითხის კონტექსტში, მოგვაწოდა არგუმენტაცია, რომ აქტივობის განხორციელება დამოკიდებული იყო დონორების დახმარებაზე, შესაბამისად, რადგან დონორების მიერ არ გამოიყო შესაბამისი ფინანსები, აქტივობები ან არ განხორციელდა, ან გადაიდო“, - წერია აუდიტში.
ამასთან ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით სსიპ ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოს მიერ რისკის ანალიზზე დაფუძნებული პროაქტიური ზედამხედველობისთვის აუცილებელი ინსტრუმენტის − რისკის შეფასების სისტემის შექმნისა და დანერგვისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსების არარსებობა საქართველოში სარისკო პროდუქტების იდენტიფიცირების გზით ბაზარზე ზედამხედველობის ეფექტიანობას და სააგენტოს შეზღუდული რესურსების გამოყენების პროდუქტიულობას ამცირებს.
აუდიტის სამსახური ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოზე გასცემს რეკომენდაციას, ბაზარზე ზედამხედველობის პროცესში სააგენტოს რესურსების პროდუქტიული გამოყენების, ასევე პროდუქტის იმპორტის გამარტივების მიზნით, სააგენტომ შეიმუშაოს ბაზარზე ზედამხედველობისთვის აუცილებელი რისკის შეფასების სისტემის შექმნისა და დანერგვის პროექტი, რომელშიც სააგენტოს მანდატის ეფექტიანად განსახორციელებლად ამ სისტემის მნიშვნელოვანი და საჭირო რესურსები იქნება გათვალისწინებული.