"ბაზისბანკი", რომელიც აქტივების ზომით საბანკო სისტემის მეოთხე მოთამაშეა სიდიდით მესამე - "ლიბერთი ბანკს" ყიდულობს, რომლის ბანკის აქტივები 5.4 მილიარდ ლარს შეადგენს. ამ კონცენტრაციით მიღებული ბანკის ჯამური აქტივების მოცულობა მთლიანი სექტორის 10% გახდება და ის "თიბისისა" და "საქართველოს ბანკის" შემდეგ სექტორის მესამე მოთამაშე იქნება.
"ლიბერთი ბანკის" მფლობელები არიან "ჰანიველ პარტნერსის" დამფუძნებლები, ირაკლი რუხაძე (31.4%); ბენჯამენ მარსონი (31.4%) და იგორ ალექსეევი (31.4%).
"ბაზისბანკის" აქტივები კი 4.22 მილიარდი ლარია, რაც საბანკო სისტემის 4.30%-ია. "ბაზისბანკის" მფლობელი ჩინური "ჰუალინგ ჯგუფია".
გარიგებას ეროვნული ბანკის ნებართვა ესაჭიროება, რასთან დაკავშირებითაც სებ-ი მოკვლევას უკვე ატარებს. გარიგება მხოლოდ შესაბამისი ნებართვის შემდეგ განხორციელდება.
ბანკის გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებების არსებობის შესახებ მიმდინარე წლის აპრილში თავად ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ დაადასტურა და იმედი გამოთქვა, რომ ის წარმატებით დასრულდება.
"ლიბერთი ბანკის" ფინანსური ანგარიშის თანახმად, ბანკის საკრედიტო პორტფელის ზომა 3.96 მილიარდი ლარი, დეპოზიტები კი 3.62 მილიარდ ლარს შეადგენს. ამასთან, 2025 წლის პირველ 5 თვეში ბანკმა 51.5 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.
"ბაზისბანკის" საკრედიტო პორტფელის ზომა 3 მილიარდი ლარია, დეპოზიტები კი 2.67 მილიარდი ლარი.
შესაბამისად, გაერთიანებული ბანკის აქტივები, დეპოზიტები და საკრედიტო დაბანდებები ასეთი იქნება:
გაერთიანებული ბაზისბანკი+ლიბერთი ბანკი - აქტივები 9.70 მილიარდი ლარი, სისტემის 9.87%, დეპოზიტები 6.3 მილიარდი ლარი, სისტემის 10.4%, კრედიტები - 7 მილიარდი ლარი, სისტემის 10.5%.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2025 წლის 19 მარტს ცნობილი გახდა, რომ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა საქმე ინგლისის უზენაეს სასამართლოში საბოლოოდ წააგო, რის შედეგადაც მან კომპანიების Revoker-ისა და Recovery Partners-ის სასარგებლოდ $170 მილიონზე დიდი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.




























