მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაზრიდან გამოდევნის მიზანი არ არსებობს"|სახელმწიფო კომპანიას კერძო სექტორის დაქირავების უფლება ექნება

რევაზ სოხაძე

შიდა და საერთაშორისო მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვისთვის შექმნილ სახელმწიფო კომპანიას ქვეკონტრაქტორებად კერძო სექტორის დაქირავების უფლება ექნება. “არ არსებობს საფუძველი დასკვნისთვის, რომ აღნიშნული ცვლილება კერძო სექტორის კონკურენტად სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ან კომპანიების ბაზრიდან გამოდევნას ისახავს მიზნად”, - ირწმუნებიან ინფრასტრუქტურის სამინისტროში. გზების მოვლა-შენახვის სახელმწიფო კომპანია მუშაობას 3 თვეში დაიწყებს - საავტომობილო გზების შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა გასული კვირის ბოლოს, დაჩქარებული წესით მიიღო. რევაზ სოხაძის უწყებაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო კომპანია 7000-კილომეტრიანი საგზაო ქსელის მხოლოდ 1.5%-ს მოუვლის და შესაბამისად, კერძო სექტორს საფრთხეს არ შეუქმნის.

ინფრასტრუქტურის ბიზნესში გაჩენილი კითხვებისა და კრიტიკის საპასუხოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ BMG-ს წერილობითი პასუხები მიაწოდა, სადაც უწყების პოზიცია და არგუმენტები დეტალურად არის განმარტებული.

სამინისტროს განმარტებით, სახელმწიფო გზების შეკეთების მოდელიდან გზების მართვის თანამედროვე სისტემაზე გადადის.

წელს, გზების მოვლა-შენახვის სახელმწიფო კომპანიისთვის 119 ერთეული სპეცტექნიკის შესაძენად ბიუჯეტიდან 63 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო კომპანიის წლიური შენახვა, დაახლოებით, 30 მილიონი დაჯდება. პირველ ეტაპზე, კომპანია გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან მონაკვეთს ჩაიბარებს, რომელიც 138 ხიდსა და 59 გვირაბს მოიცავს.

რატომ გახდა საჭირო სახელმწიფო კომპანიის შექმნა?

ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით, ცვლილება განპირობებულია არა ერთი კონკრეტული მიზეზით, არამედ იმ სისტემური გარდაქმნებით, რაც ბოლო წლებში საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებამ მოიტანა.

"თუ რამდენიმე წლის წინ საერთაშორისო მნიშვნელობის გზების მნიშვნელოვანი ნაწილი შედარებით მარტივი საინჟინრო გადაწყვეტებისგან შედგებოდა, დღეს ექსპლუატაციაში შევიდა და შედის თანამედროვე ავტომაგისტრალები, მრავალრიცხოვანი ხიდები, გვირაბები, სატრანსპორტო კვანძები, უსაფრთხოების, განათების, მონიტორინგისა და მართვის სისტემები, რომელთა გამართული ფუნქციონირება საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, სწრაფ რეაგირებას, სპეციალიზებულ ტექნიკას, კვალიფიციურ პერსონალსა და ოპერატიული მართვის ერთიან სისტემას“, - აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტრო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს E-60 მაგისტრალის გორი-არგვეთის მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც, დაახლოებით, 105 კილომეტრია და მოიცავს 138 ხიდსა და 59 გვირაბს. უწყების თქმით, ასეთი მასშტაბისა და ტექნიკური სირთულის ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და უწყვეტი ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური და სატრანზიტო ფუნქციისთვის.

შესაბამისად, ახალი კანონით სახელმწიფოს უჩნდება სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვისა და ოპერირების ფუნქცია, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ინსტიტუციური მოდელით განახორციელოს, მათ შორის სამინისტროს მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის (სახელმწიფო კომპანიის) მეშვეობით.


დაეწუნა თუ არა მთავრობამ კერძო სექტორს ხარისხი?

მას შემდეგ, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობას ჰქონდა გარკვეული შენიშვნება კერძო კომპანიების მიერ შესრულებულ სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სახელმწიფო კერძო სექტორზე უკეთ მოუვლის გზებს, უწყებას ვკითხეთ, თუ კომპანიების რა ნაწილის ხარისხით იყვნენ უკმაყოფილო.

სამინისტროდან მოგვწერეს, რომ გზებს 27 კონტრაქტორი უვლის, თუმცა მათი რეიტინგული შეფასება არ მომხდარა. უწყების მტკიცებითვე, ინიციატივის მიზეზი არა - კერძო სექტორის დაწუნება, არამედ ავტომაგისტრალების კომპლექსური მართვის ახალ გამოწვევებზე პასუხია.

ამასთან, სამინისტროში არც ის დაუმალავთ, რომ კერძო სექტორის მიერ შესრულებულ სამუშაოებში ხარისხობრივი ხარვეზები არსებობდა:

"ცალკეულ შემთხვევებში კერძო კომპანიების მიერ განხორციელებული მოვლა-შენახვის სამუშაოები ვერ უზრუნველყოფდა საჭირო სტანდარტების სრულ დაცვას, რაც თვალსაჩინო იყო გზის მომხმარებლებისთვისაც, თუმცა ინიციატივა არ გამომდინარეობს რომელიმე კონტრაქტორის საქმიანობით უკმაყოფილებიდან, არამედ ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად წარმოქმნილი ახალი სისტემური გამოწვევებიდან და თანამედროვე ავტომაგისტრალების კომპლექსური მართვის საჭიროებიდან".

ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ თანამედროვე ავტომაგისტრალების, ხიდებისა და გვირაბების ექსპლუატაცია მოითხოვს მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობას, მუდმივად განახლებად ტექნიკურ ბაზასა და რესურსების ეფექტიან კოორდინაციას, რაც ბაზარზე ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს.

შეუქმნის თუ არა სახელმწიფო კომპანია კონკურენციას ბიზნესს?

ბიზნესის ნაწილი რისკების საპასუხოდ, სამინისტრო აცხადებს, რომ წარმოდგენილი ცვლილების მიზანი არ არის კერძო სექტორის ჩანაცვლება ან არსებული სისტემის სრულად შეცვლა.

მათი თქმით, კერძო სექტორი მომავალშიც შეინარჩუნებს მნიშვნელოვან როლს როგორც მოვლა-შენახვის, ისე სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სხვა სპეციალიზებული სამუშაოების განხორციელებაში.

"მიცემულ ეტაპზე განიხილება მხოლოდ E-60 მაგისტრალის გორი-არგვეთის 105-კილომეტრიანი მონაკვეთის მოვლა-შენახვისა და ოპერირების ფუნქციის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კომპანიის მიერ განხორციელება. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული საგზაო ქსელის საერთო სიგრძე 7087.37 კილომეტრია, საიდანაც 1517.1 კილომეტრი საერთაშორისო მნიშვნელობის გზებია, ხოლო 5570.27 კილომეტრი – შიდასახელმწიფოებრივი.

შესაბამისად, 105-კილომეტრიანი მონაკვეთი მთლიანი ქსელის მხოლოდ 1.4 პროცენტს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენ 98.6 პროცენტზე მომსახურებას კვლავ კერძო სექტორი უზრუნველყოფს. ამასთან, ახალ სახელმწიფო კომპანიას ექნება უფლებამოსილება შესაბამისი პროცედურებით შეარჩიოს და ხელშეკრულება გაუფორმოს კერძო კომპანიებს.

ამდენად, არ არსებობს საფუძველი დასკვნისთვის, რომ აღნიშნული ცვლილება კერძო სექტორის კონკურენტად სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ან კომპანიების ბაზრიდან გამოდევნას ისახავს მიზნად”, - ნათქვამია უწყების პასუხში.

საერთაშორისო პრაქტიკა და ევროპული გამოცდილება

ინფრასტრუქტურის სამინისტროდან BMG-ის კითხვის პასუხად მოგვწერეს, რომ სახელმწიფო კომპანიის შექმნა არ ეფუძნება რომელიმე ქვეყნის მოდელის პირდაპირ გადმოტანას, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მიზნით, მათ გააანალიზეს კვლევა „Road Maintenance Models for Application in Georgia”, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა ხორვატიის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის გამოცდილება.

"კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი მნიშვნელობის გზების მართვისა და მოვლა-შენახვის პროცესში სახელმწიფო სხვადასხვა ფორმით (სახელმწიფო კომპანიების, უწყებებისა თუ შერეული მოდელების მეშვეობით) ყველგან ინარჩუნებს აქტიურ ინსტიტუციურ როლს”, - აცხადებენ სამინისტროში.

რატომ არ მომზადდა RIA და რატომ არ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ბიზნესთან?

BMG-ის კიდევ ერთ კითხვაზე - რატომ არ მომზადდა რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი (RIA) და ფინანსურ-ეკონომიკური ანალიზი, სამინისტრო პასუხობს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებისთვის RIA-ს მომზადება სავალდებულო არ არის.

მათი თქმით, ცვლილება არ აწესებს ახალ რეგულაციებს, ლიცენზირების რეჟიმს, გადასახადებს ან სხვა შეზღუდვებს კერძო სექტორისთვის და ამ ეტაპზე მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლის შექმნას ისახავს მიზნად.

ამავე მიზეზით, უწყებამ არ ჩათვალა საჭიროდ ბიზნესსუბიექტების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის შექმნა: „კანონპროექტის შემუშავების ეტაპზე არ არსებობდა ცალკეული სახელმწიფო, არასახელმწიფო თუ ბიზნესსუბიექტების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის შექმნის ობიექტური საჭიროება, რადგან საკანონმდებლო ინიციატივა ამ ეტაპზე არ განსაზღვრავს კონკრეტულ ბიზნეს-მოდელს, ბაზრის მოწყობას ან კერძო სექტორის საქმიანობის პირობების ცვლილებას“.

რა იცვლება სამომავლოდ კერძო სექტორისთვის?

ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, გზების მოვლა-შენახვის სისტემა მომავალშიც განვითარდება და მომავალი ცვლილებები მიმართული იქნება მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგზე ორიენტირებული შეფასებისკენ (ინდიკატორების დანერგვა), ასევე მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებისკენ.

"საუბარია არა - გზების მოვლა-შენახვის არსებული სისტემის უარყოფაზე, არამედ მის განვითარებაზე და თანამედროვე, მაღალი ტექნიკური სირთულის ავტომაგისტრალების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანაზე“, - აცხადებენ რევაზ სოხაძის უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები