საქართველოს მთავრობა გზების მოვლა-შენახვის სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებას გეგმავს - შესაბამისი კანონპროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაჩქარებული განხილვისთვის პარლამენტს უკვე წარუდგინა. ახალი კომპანია 63 მილიონი ლარის კაპიტალით უნდა დაფუძნდეს და 163 ადამიანი დაიქირავოს.
BMG-ის კითხვაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ ამ კომპანიის შექმნა ორ მიზანს ემსახურება, ერთია გზების მიმდინარე მოვლა-შეკეთების სამუშაოების უფრო ეფექტიანად განხორციელება, მეორე კი სტიქიური მოვლენების დროს საგზაო გაწმენდის და ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოების მყისიერად ჩატარება. კითხვაზე ამ სამუშაოს სახელმწიფოს დაკვეთით კერძო კომპანია რატომ ვერ შეასრულებდა, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ კერძოს შემთხვევაში ხშირ შემთხვევაში არადამაკმაყოფილებელი ხარისხი დგებოდა.
- გვინდა, შევქმნათ სტაბილური რესურსი, რომელიც ხარისხის გარანტიაც იქნება და მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება ეს პროცესი. თან ეს არ არის გზის დაგება... გზების მოვლა-შენახვისთვის მე ვფიქრობ, რომ სწორია სახელმწიფო კომპანიის შექმნა, რომ სტაბილური რესურსი გვქონდეს, რომელიც ხარისხზეც აიღებს პასუხისმგებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ჩვენ ხშირად გვიწევს სტიქიურ მოვლენებთან გამკლავება, რასაც სჭირდება მათ შორის სპეცტექნიკა, შესაბამისად, ეს კომპანია მობილიზებული იქნება. ორმაგი ეფექტი ექნება ამ ინიციატივას, რომ ერთი მხრივ, ხარისხი გაუმჯობესდება და დანახარჯებიც ნაკლები ექნება.
- დანახარჯი როგორ შემცირდება, როცა კონკურენცია ქრება და მხოლოდ სახელმწიფო კომპანია რჩება?
- ჩვენ შეგვიძლია ერთად დავაკვირდეთ, ამ კომპანიის მუშაობას. ბუნებრივია, კერძო კომპანია უფრო მაღალი მოგების მარჟით მუშაობს, სახელმწიფო კომპანია სხვანაირად იმუშავებს რაც შეეხება ხარისხს, ხარისხიანი იქნება ამ სახელმწიფო კომპანიის საქმიანობა. [კერძოს შემთხვევაში] ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, მე მგონია რომ სახელმწიფო კომპანია უფრო ხარისხიანად შეასრულებს ამ სამუშაოს. არ ვიყავით ხარისხით კმაყოფილი.
- თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ სახელმწიფო კომპანია უფრო ხარისხიანად შეასრულებს სამუშაოებს?
- მე ასე მგონია და ერთად დავაკვირდეთ..
- მსგავს კანონპროექტებს რეგულირების გავლენის შეფასების კვლევა ანუ ე.წ. RIA უნდა ახლდეს...
- ეს ტექნიკური მხარეა და არ ვიცი, მაგაში არ ვყოფილვარ ჩართული...
ცნობისთვის: სახელმწიფო კომპანიის შექმნის ინიციატივა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პარლამენტს გუშინ, 5 ივნისს წარუდგინა. უწყება მის დაჩქარებული წესით დამტკიცებას ითხოვს. თავად კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო კომპანიამ საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები უნდა ჩაატაროს, თუმცა როგორც დღეს ირკვევა თავდაპირველ ეტაპზე კომპანიის კომპეტენციაში მხოლოდ გორი-არგვეთას მონაკვეთი იქნება, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ყველაზე რთულ და ძვირად ღირებულ რიკოთის მონაკვეთსაც მოიცავს.
ახალი კომპანიის დაფუძნებისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრო 63 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 119 ერთეული მძიმე ტექნიკის შეძენაზე და დასაქმებულთა ხელფასებზე დაიხარჯება. სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, ახალ სახელმწიფო კომპანიაში 163 ადამიანი დასაქმდება.
"განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის E60 გორი-არგვეთა მონაკვეთს, რომლის სიგრძე შეადგენს 105 კილომეტრს და მოიცავს 138 ხიდსა და 59 გვირაბს.
აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის ძირითად კომპონენტს და თავისი ფუნქციური დატვირთვით წარმოადგენს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის ხერხემალს, რომლის გამართული ფუნქციონირება პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასა და სატრანზიტო პოტენციალს. არსებული მოდელი, რომელიც ეფუძნება მომსახურების მრავალ კონტრაქტორზე გადანაწილებას, უზრუნველყოფს გზების მოვლა-შენახვის პროცესის განხორციელებას, თუმცა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის გაზრდილი საინჟინრო გადაწყვეტების პირობებში იკვეთება ოპერაციული პროცესების უფრო კოორდინირებული და ინტეგრირებული მართვის საჭიროება. მიუხედავად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებისა, არსებული მოდელი სრულად ვერ ჰპასუხობს თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის მართვის მოთხოვნებს და საჭიროებს სისტემურ გაუმჯობესებას", - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.




























