მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BBC-მ ტყუილი გაავრცელა, შსს დეტალებს გაასაჯაროებს - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას, რომელიც საქართველოში საპროტესტო აქციებზე მომწამვლელი ნაერთის, კამიტის (ბრომობენზილ ციანიდი) შესაძლო გამოყენებას ეხება, „აბსოლუტური ტყუილი“ უწოდა.

კობახიძის თქმით, დეტალურ ინფორმაციას ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს, თუმცა წინასწარ დაადასტურა, რომ საერთაშორისო მედიას მარტივი ტყუილი აქვს გავრცელებული.

„უფრო დეტალურ ინფორმაციას ამ თემაზე გაავრცელებს შინაგან საქმეთა მინისტრი, შსს, მაგრამ წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ სამწუხაროდ, BBC-ის ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია, არ შეიძლება, BBC-ი, საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იმავე სტანდარტებით, როგორც ხელმძღვანელობენ „ფეიქ“ ტელევიზიები საქართველოში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები უარყოფითი გაგებით. მარტივი ტყუილიც შეიძლება იკადროს ტელევიზიამ, „ბიბისიმ“ ამ შემთხვევაში, რაც არის ძალიან სამწუხარო და დასანანი. ტყუილი არის ტყუილი, დანარჩენი არის ყველაფერი მეორეხარისხოვანი. როდესაც BBC-ი კადრულობს ტყუილს, ამას სჭირდება სათანადო შეფასება. ფაქტებით მტკიცდება, რომ ეს იყო ტყუილი. ამაზე შსს გაავრცელებს ინფორმაციას და მოგაწვდით კიდევ ერთხელ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტყუილი იკადრა „ბიბისიმ“.

თავისთავად, ის ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე. ეს დონე არის ძალიან დაბლა დასული. ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები. ერთ-ერთი მათგანი მონაწილეობდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმში. როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა. პირველ რიგში, ეს ნივთიერებები არის შეძენილი 2009 წელს. რაც შეეხება კონკრეტულ დასახელებულ ნივთიერებას, იმ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავს ეს კონკრეტული მასალა. აქედან გამომდინარე, შსს დეტალურად გეტყვით იმას, თუ რა ტყუილი გაავრცელა „ბიბისიმ“. ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა გარეული ამაშია საქმე, „ბიბისიმ“ იკადრა ტყუილი ზუსტად ამასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა მინისტრი გაგიზიარებთ ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას,“- განაცხადა კობახიძემ.

1 დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში აქციების დაშლისას დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში შერეული იყო ტოქსიკური ნაერთი ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტე“, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა.

BBC-მ მოიპოვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პროტოკოლი, სადაც ნახსენებია ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება:

  • ქიმიური სითხე UN1710: რომელიც, BBC-ის მტკიცებით, არის ტრიქლორეთილენის (TCE) კოდი – კანცეროგენად მიჩნეული გამხსნელი.
  • ქიმიური ფხვნილი UN3439: კოდი, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების ფართო სპექტრს მოიცავს. BBC-ის ინფორმაციით, ერთადერთი ნაერთი ამ კოდით, რომელიც ოდესმე გამოყენებულა არეულობების კონტროლის საშუალებად, არის ბრომობენზილ ციანიდი („კამიტე“).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები