მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BDO-ს 20 წლიანი ისტორია შეფასების მომსახურების ბაზარზე - გლობალური გამოცდილება და ხარისხის სტანდარტი

BDO-ს 20 წლიანი ისტორია შეფასების მომსახურების ბაზარზე და ათასწლეულის რიტმი
13.12.23 09:47
242

BDO-ში ვთვლით, რომ ბიზნესისთვის გარდამტეხი ეტაპების აღნიშვნა და გავლილი გზის გადახედვა საინტერესო და საჭირო საქმეა. წელს 20 წელი შესრულდა, რაც BDO-ს ერთ-ერთი ისტორიული მიმართულება, ბიზნესის და აქტივების შეფასება, სფეროში პროფესიონალიზმის სტანდარტს ამკვიდრებს და ეხმარება კომპანიებს, აწარმოონ თანამედროვე, წარმატებული ბიზნესი საქართველოში. ამ დროის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება, საინტერესო ბიზნეს გარემოებები და ურთიერთობები ჩვენთვის ფასდაუდებელია.

გადავწყვიტეთ, 20 წლიანი ისტორია იმით აღვნიშნოთ, რომ გიამბოთ, როგორი ევოლუცია განიცადა შეფასების საქმემ საქართველოში, რა შედეგი დაატყო ქართულ ბაზარს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა და რა გზა გავიარეთ ჩვენ, სფეროს პროფესიონალებმა.

შეფასების მომსახურების ფორმირების ისტორიული ეტაპები საქართველოსა და მსოფლიოში

თანამედროვე შეფასების სფერო და მასთან დაკავშირებული მომსახურებები ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროა აქტივების მთელი სპექტრის, უძრავი ქონების, ბიზნესის თუ ინტელექტუალური საკუთრების საბაზრო ღირებულების დადგენის თვალსაზრისით. ასეთი როლი შეფასების სფერომ რამდენიმე გადამწყვეტი ისტორიული პერიოდის გავლით მოირგო.

მიუხედავად იმისა, რომ შეფასების მომსახურების საჭიროება ბევრად უფრო ადრე გაჩნდა და მისი ისტორიაც საუკუნეებით ადრე იწყება, დღევანდელი მოცემულობა სათავეს იღებს მე-20 საუკუნის ბოლოდან. სწორედ ამ პერიოდში შეფასების მომსახურების ბაზარი სტანდარტიზაციის ეტაპზე გადავიდა და შეიქმნა სხვადასხვა პროფესიული ორგანიზაციები (მათ შორის Royal Institution of Chartered Surveyors (RICS) და American Society of Appraisers (ASA)). ამას მოჰყვა სტანდარტიზებული პრაქტიკების და ეთიკური მოთხოვნების დამკვიდრება შემფასებლებისთვის, რადგან კაპიტალის ბაზრების განვითარებამ მოითხოვა წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიებით მუშაობა მიუკერძოებელი, საიმედო და ზუსტი მონაცემების მისაღებად. არსებული რეგულაციები და სახელმძღვანელო ჩარჩოები დღემდე განახლებადია მარეგულირებლების, ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს (FASB) და შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IVSC) მიერ, რადგან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას შეფასების ბაზარზე.

გლობალურმა ეკონომიკამ არაერთი ფინანსური კრიზისი გამოიარა წლების მანძილზე და თითოეულმა მნიშვნელოვანი კვალი დაატყო შეფასების სფეროს განვითარებას მსოფლიოსა და საქართველოში. 2008 წლის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კოლაფსმა და შესაბამისმა რეცესიამ გამოააშკარავა ზუსტი და საიმედო შეფასების აუცილებლობა, გამოიწვია რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლება და გააჩინა მოთხოვნა უფრო მაღალი კლასის, კომპლექსური შეფასების ტექნიკებზე, რისკების მართვის სტრატეგიებზე. ამავე წელს ქართულ ეკონომიკას კიდევ უფრო ძლიერი დარტყმა მიაყენა 2008 წლის აგვისტოს ომმა. ქვეყნის საინვესტიციო ბაზარი გახდა მაღალრისკიანი, უძრავი ქონების ფასები კი არასტაბილური, რამაც შეფასების ბაზარს განსაკუთრებულად დაატყო ხელი. ყოველივე ამას სჭირდებოდა შემფასებლების მხრიდან სწრაფი რეაგირება, შესაბამისი რეკომენდაციებისა და რეგულაციების მორგება ლოკალურ საქმიანობაზე.

2009 წლიდან მომდევნო ათწლეულის მანძილზე საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა ბიზნესის ყველა სფერო, რამაც გამოიწვია შეფასების მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდა თითქმის ყველა ბიზნეს სექტორში. ამასთან, 2017 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა ახალი ბრძანება სავალდებულო ფინანსური ანგარიშგებების წარდგენის თაობაზე, რამაც ბუნებრივია, კიდევ უფრო გაზარდა შეფასების მომსახურების საჭიროება ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის. ამ დროისათვის BDO-ს შეფასების გუნდს უკვე ჰქონდა დიდი გამოცდილება ქვეყნის ეკონომიკის ფაქტობრივად ყველა დარგში და შესაბამისი კვალიფიკაცია სფეროში, ამიტომ ბაზრის ახალი გამოწვევები ჩვენი შეფასების კონსულტანტებისთვის ახალ შესაძლებლობად იქცა.

2020 წელს კოვიდ პანდემიის გამო შეფასების სფერო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. ბაზარი გახდა არასტაბილური და არაპროგნოზირებადი. გარე ფაქტორების გამო შეიცვალა კომპანიების საკუთრებაში არსებული აქტივების საბაზრო ღირებულება, ზოგიერთ ბიზნეს სექტორში პანდემიამ გამოიწვია პარალიზება, რამაც გაართულა ობიექტური შეფასება. ამასთან, მარეგულირებელმა ორგანოებმა, როგორიცაა ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების საბჭო (FASB) და შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო (IVSC), გამოსცეს სახელმძღვანელოები და განახლებები პანდემიით პროვოცირებული უნიკალური გამოწვევების გადასაჭრელად. BDO-ს შეფასების კონსულტანტები სწრაფად ადაპტირდნენ ცვალებად გარემოსთან, რასაც ხელი შეუწყო კომპანიის ტექნოლოგიურმა მზაობამ და კრიზისის მართვის ისტორიულმა გამოცდილებამ. გარდა იმისა, რომ საერთაშორისო რეკომენდაციები სრულად მოვარგეთ ჩვენს საქმიანობას, დავიწყეთ დამოუკიდებელი კვლევებისა და ანალიზის ჩატარება ცალკეული ინდუსტრიის ჭრილში მსოფლიო ტენდენციების გამოსაკვეთად. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ უწყვეტად გაგვეწია ინფორმირებული, სანდო მომსახურება ჩვენი კლიენტებისთვის და შეგვენარჩუნებინა ჩვენი მომსახურების ის უნიკალური ხასიათი, რის გამოც უკვე 20 წელია ბაზარზე ლიდერ პოზიციებს ვინარჩუნებთ.

დღეს შეფასების მომსახურებას მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ბიზნესისთვის გრძელვადიანი ღირებულების შექმნაში. ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე შეფასების მიზნები განსხვავებულია - საინვესტიციო გადაწყვეტილებები, ფინანსური კაპიტალის მოძიება, გადასახადები, ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვაა, მწვანე ობლიგაციების გამოშვება, შერწყმა-შეძენა, სამართლებრივი საკითხები და სხვა. ბაზარზე გამოიკვეთა შეფასების მომსახურების როლი ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობაში, რაც დღითიდღე ზრდის მოთხოვნას აქტივებისა და ბიზნესის ხარისხიან, რალურ შეფასებაზე.

BDO-ს გზა მაღალი სტანდარტების მქონე შეფასების მომსახურების ფორმირებაში

BDO ფეხდაფეხ მიჰყვება ყველა ცვლილებასა და განვითარებას, რასაც მსოფლიო შეფასების ბაზარი გვთავაზობს. 2003-2009 წლებში TMC-ის სახელით, 2009 წლიდან კი BDO-ს საერთაშორისო ბრენდის ქვეშ ჩვენმა პროფესიონალებმა გაითავისეს ათასწლეულის რიტმი და საქართველოს ბაზარს შესთავაზეს სტანდარტიზებული, მაღალი ხარისხის, გამორჩეული შეფასების საკონსულტაციო მომსახურება. ამისთვის კარგი საფუძველი შექმნა ჩვენმა ფართო გამოცდილებამ აუდიტორული, სააღრიცხვო და საგადასახადო მომსახურების მიმართულებით, რის შედეგადაც ქართული ბაზრის და ბიზნესის თავისებურებების ღრმა და ადეკვატური ცოდნა დავაგროვეთ.

სტანდარტიზაციის ნორმების დროული დანერგვით, სიახლეებისადმი მიმღებლობით და ადაპტაციით, ხარისხის მიმართ ერთგულებით და გამოცდილებით ათასწლეულის დასაწყისშივე მოვიპოვეთ ჩვენი კლიენტების ნდობა და ლოიალობა. BDO წლების მანძილზე ახორციელებდა მსხვილ შეფასების პროექტებს ჩვენი უცხოელი კოლეგების მხარდაჭერით, რაც ადგილობრივი ექსპერტებისთვის ფასდაუდებელი გამოცდილება გახდა. კომპეტენციასთან ერთად ჩვენს პორტფელში გაჩნდა მასშტაბური პროექტები როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე, რაშიც გადამწყვეტ როლს თამაშობს როგორც ჩვენი ექსპერტების პროფესიონალიზმი, ასევე ბრენდის საერთაშორისო იმიჯი და რეპუტაცია. BDO-ს დიდი საშემფასებლო პრაქტიკა და გამოცდილება აქვს ქვეყნის ყველა წამყვან დარგში, მათ შორის უმსხვილეს კომპანიებთან, რომლებიც წარმოადგენენ სტუმარ-მასპინძლობის, უძრავი ქონების, ნავთობის და ბუნებრივი რესურსების, ფინანსების, წარმოების, კომუნიკაციების, ტრანსპორტის სექტორს.

ჩვენი გუნდისთვის მუდმივი განვითარება, უახლეს ტენდენციებსა და ინფორმაციებზე წვდომა, შესაბამისად საქმის არსის სიღრმისეული ცოდნა და მაღალი ეთიკა ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხებია. 2019 წლიდან ბიდიოელები RICS-ის (Royal Institution of Chartered Surveyors) წევრები გახდნენ და MRICS-ის სტატუსით სარგებლობენ, რაც სწორედ თანამედროვე ცოდნასა და საუკეთესო პრაქტიკებთან ხელმისაწვდომობას ნიშნავს.

სტანდარტული მომსახურების მიღმა დამატებითი ფასეულობის შეთავაზება BDO-ს იდენტობის ნაწილია საწყისი პერიოდიდან დღემდე. ჩვენ ვცდილობთ, ავამაღლოთ ბაზრის ცნობიერება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში და დავეხმაროთ კლიენტებს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. BDO მიზნად ისახავს, გაზარდოს ქვეყანაში შეფასების მომსახურების სტანდარტი და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეს ბიზნესის განათლების საკითხს.

ციფრული ტრანსფორმაცია, მონაცემთა ანალიტიკა და ავტომატიზაცია

ტექნოლოგიური გარდატეხა ჯერ კიდევ 2000-იანი წლების პირველ ათწლეულში შეეხო შეფასების ბაზარს. ინტერნეტის ფართო გამოყენებამ უდიდესი ცვლილებების ტალღა გამოიწვია შეფასების მომსახურების ბაზარზე. დროთა განმავლობაში გაჩნდა ონლაინ მონაცემთა ბაზები, ანალიტიკური ინსტრუმენტები და ღრუბელზე დაფუძნებული პლატფორმები, რაც დაგვეხმარა შეფასების პროცესი კიდევ უფრო ეფექტური და ზუსტი გაგვეხადა. ხელოვნური ინტელექტისა და პროცესების ავტომატიზაციის გავლენით კი გაუმჯობესდა მთლიანი პროდუქტიულობა და შემცირდა შეცდომების დაშვების ალბათობა. ციფრულმა ტრანსფორმაციამ არა მხოლოდ ააჩქარა შეფასების პროცესი და მეტი სანდოობა შესძინა შედეგებს, არამედ ხელი შეუწყო ბაზარზე მეტ გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროფესიონალებისთვის ტექნოლოგიების სწრაფი ჩართვა საქმიანობის პროცესში სრულიად ორგანულად მოხდა განვითარების ყველა ეტაპზე.

გამოწვევები და შესაძლებლობები შეფასების სერვისის ბაზარზე

შეფასების მომსახურებამ და ბაზარმა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც განვითარების მრავალ ეტაპიანი გზა გაიარა, თუმცა სფეროს პროფესიონალები დღემდე უამრავ გამოწვევას აწყდებიან. ქართულ რეალობაში ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა არის ადგილობრივი კომერციული ბაზრის მცირე მასშტაბები და შეფასების სერვისის მნიშვნელობის არასათანადო აღქმა, რაც განაპირობებს ბაზარზე დაბალ მოთხოვნას ხარისხიან შეფასების მომსახურებაზე. მიუხედავად იმისა, რომ აქტივების და ბიზნესის შეფასება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად, რეგულაციებიდან გამომდინარე მომართვიანობა შეფასების სერვისზე ფორმალური მიზნებისთვის უფრო მაღალია, შესაბამისად შემფასებლის შერჩევისას ხშირად მეტი აქცენტი კეთდება მომსახურების დაბალ ღირებულებაზე და არა ხარისხზე.

BDO-ში შეფასების პრაქტიკა უამრავ ისეთ შემთხვევას აერთიანებს, როცა შეფასების შედეგები მნიშვნელოვანი ცვლილებების და ეფექტური მმართველობითი გადაწყვეტილებების მაპროვოცირებელი გახდა. ასეთ დროს ჩვენი როლი არა მხოლოდ ტექნიკური ამოცანის შესრულება, არამედ პროფესიონალური ანალიზის გაკეთება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევაა. ჩვენთვის ხარისხი ნიშნავს სწორედ იმას, რომ კლიენტებს მივაწოდოთ სანდო ინფორმაცია და ამასთან გავცეთ სწორი რეკომენდაციები, გავუწიოთ კონსულტაცია, რომლის მეშვეობითაც მიღებული გადაწყვეტილება იქნება ეფექტური და საიმედო. შეფასების სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხარისხისადმი მსგავსი მიდგომა გაიზიარონ დამკვეთებმაც და გააცნობიერონ იმ ინფორმაციის მნიშვნელობა, რასაც შეფასების მომსახურების შედეგად ფლობენ.

შეფასების ბაზრის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დაინტერესება ამ პროფესიით და შესაძლებლობა, რომ მიიღონ სათანადო ცოდნა, რასაც სამწუხაროდ ქართული საგანმანათლებლო სისტემა არ გვთავაზობს საჭირო დოზით. დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ბაზარზე კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა, თუმცა ახალგაზრდებს აკადემიური თვალსაზრისით არ აქვთ მრავალფეროვანი შესაძლებლობა, რომ შეისწავლონ შეფასების სფერო, მიიღონ უმაღლესი განათლება ან გაიარონ სხვადასხვა ხარისხიანი სასერტიფიკატო კურსები და ტრენინგები. ამ გამოწვევას უნდა დაუპირისპირდეს ნაბიჯები, რომელიც ერთის მხრივ გაზრდის ახალგაზრდების დაინტერესებას, გააგრძელონ კარიერა შეფასების პროფესიაში, მეორე მხრივ კი მოთხოვნასთან ერთად უნდა განვითარდეს მიწოდების ბაზარი და ახალგაზრდებს შევთავაზებთ ხარისხიანი ცოდნის მიღების შესაძლებლობას.

აქვე უნდა აღინიშნოს სტატისტიკური ინფორმაციის ნაკლებობაც. კომპანიებს არ აქვთ მზაობა გაასაჯაროონ მონაცემები და ინფორმაცია. ეს ერთის მხრივ გამოწვეულია სანდოობის ფაქტორით, მეორე მხრივ კი შეფასების საქმის და მისი შედეგების რეზონანსულობის დაბალი ცოდნით. სწორედ ამ ნაწილში BDO ცდილობს არა მხოლოდ კონკრეტული ამოცანების შესრულებაში დაეხმაროს კლიენტს, არამედ გაუწიოს ფართო სპექტრის კონსულტაცია და სიღრმისეულად გააცნოს როგორც შეფასების შედეგები, ასევე მათი გადაწყვეტილებების გავლენა ბიზნესის განვითარებაზე.

შეფასების ბაზარი, ისევე როგორც ბიზნესის თითქმის ყველა სფერო კვეთაშია მდგრადობის ფაქტორებთან და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან. გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შესახებ გლობალური ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, საქართველოში შეფასების სერვისის ბაზარს აქვს პოტენციალი, რომ დაინტეგრირდეს მდგრადობის ფაქტორები მის საქმიანობაში. ქონების, მიწათსარგებლობისა და განვითარების პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასება შეესაბამება როგორც საერთაშორისო ტენდენციებს, ასევე საქართველოს ვალდებულებას მდგრადი ზრდისკენ.

ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებასთან ერთად, გარდაუვალია შეფასების მომსახურების სფეროს განვითარებაც. ეკონომიკური ზრდის, გაციფრულება და მდგრადობის საკითხების ურთიერთქმედება კი შესაძლოა მნიშვნელოვანი ბიძგი გახდეს ბაზრის მოთამაშეებისთვის ინოვაციების დანერგვისა და არსებული გამოწვევების გადასაჭრელად. თანამშრომლობის ხელშეწყობით, საუკეთესო პრაქტიკის დაცვით და როგორც ინვესტორების, ისე მარეგულირებლების საჭიროებების სწორი იდენტიფიკაციით, საქართველოში შეფასების სერვისების ბაზარს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ქვეყნის ეკონომიკური ლანდშაფტის ჩამოყალიბებაში მომავალი წლების განმავლობაში.

გაიგეთ მეტი BDO-ს შეფასების მომსახურების შესახებ, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს www.bdo.ge

ბიდიო არის საერთო სასაქონლო ნიშანი ბიდიოს ქსელისა და მისი თითოეული წევრი ფირმისათვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები