მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბებიის რეცეპტებით შთაგონებული გემოები - რას სთავაზობს საკონდიტრო "ლილისი" მომხმარებელს?

ლილისი

საკონდიტრო "ლილისი", რომელმაც ქართულ ბაზარზე ოპერირება ექვსი წლის წინ ექვსი თანამშრომლით დაიწყო, დღეს უკვე 60-მდე ადამიანს ასაქმებს. როგორც საკონდიტროს თანადამფუძნებელი ქეთევან ხუნწარია BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ამბობს, ის, რაც თავდაპირველად გულწრფელი და ხუმრობა-ხუმრობით დაწყებული წამოწყება იყო, დღეს უკვე სტაბილურ ბიზნესად ჩამოყალიბდა.

„6 წლის წინ ბიზნესი ბებიის რეცეპტების რვეულით დავიწყეთ. ამ დროის განმავლობაში კომპანია მნიშვნელოვნად განვითარდა და მრავალმხრივ ტრანსფორმირდა. დღეს "ლილისი" სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს. ეს არის "ლილისის" ნამცხვრების სალონი, რომელსაც ფართო და ერთგული მომხმარებელთა ბაზა ჰყავს; ქეითერინგისა და სასაუზმე სერვისი "ნიბლე"; და "არჩიე", რომელიც კორპორატიული საჩუქრების მიმართულებაა.

საწყის ეტაპზე, საკონდიტრო მხოლოდ 6 თანამშრომლით ფუნქციონირებდა, დღეს უკვე 60-კაციან გუნდს აერთიანებს. ეს არის გუნდი, რომელიც ყველა სირთულეს შესაძლებლობად აქცევს და მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული“, - ამბობს ქეთევან ხუნწარია.

პროდუქციის შექმნის პროცესში „ლილისი“ კვლავ ერთგული რჩება ბებიის რეცეპტების, თუმცა მათ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და დღევანდელ რეალობას არგებს. „პერიოდულად ბებოს რეცეპტების რვეულს თავიდან ვშლით და ვცდილობთ, დღევანდელი ინგრედიენტები და მიდგომები იმ ჩანაფიქრს მოვარგოთ, რაც მას ჰქონდა“, - განმარტავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ქეთევან ხუნწარიას თქმით, „ლილისის“ ერთ-ერთ სტრატეგიულ და გამორჩეულ მიმართულებად კორპორატიული შეკვეთები რჩება, განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდებში.

„ახალი წლის, აღდგომისა და გაზაფხულის პერიოდი ჩვენთვის პიკური სეზონია და ამ დროს, სრულად კორპორატიულ შეკვეთებზე ვართ კონცენტრირებული“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ბიზნესის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა TBC ბანკის მხარდაჭერამ: „TBC-სთან თანამშრომლობა "ლილისის" დაწყებამდეც მქონდა. როდესაც ბიზნესი წამოვიწყეთ, პირველადი კაპიტალიც სწორედ აქედან იყო. თამამად ვვითარდებოდით, რადგან ბანკი ყოველთვის მზად იყო, ფინანსურად გვერდში დაგვდგომოდა“.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, კომპანიის მთავარი მიზანი სამივე მიმართულების თანაბარი და მდგრადი განვითარებაა - ისე, რომ „ლილისის“ პროდუქცია კიდევ უფრო მეტ ადამიანამდე მივიდეს და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები