ჩირების, ცუკატებისა და კონსერვების ადგილობრივი საწარმო, რომელიც დუშეთის მაღალმთიან სოფელში მდებარეობს, მეოთხე წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. როგორც „ბებოს ჩირის“ დამფუძნებელი ქეთევან ჯინიაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, წელს წარმოების 40%-ით ზრდას ქსელურ მარკეტებში შესვლას გეგმავს.
მისი ინფორმაციით, გასულ წელს, კომპანია მონაწილეობას USAID-ის „ძლიერი სოფლის“ პროგრამაში იღებდა, რის შემდეგაც კომპანიამ გადაიარაღების პროცესი და წარმოების ზრდაზე მუშაობა დაიწყო.
„2023 წელს მივიღეთ მონაწილეობა „ძლიერი სოფლის“ პროგრამაში, სადაც გავიმარჯვეთ და წინა წელსვე, გამარჯვებულის სტატუსით ჩვენი გაძლიერება დაიწყო. კომპანიისთვის, 50 000 ლარის ღირებულების მანქანა-დანადგარები შევიძინეთ, რაც საწარმოო პროცესს მეტად ავტომატიზირებულს გახდის. წელს, დაახლოებით 40%-იან წარმადობის ზრდას ველოდებით. ამასთან, პროდუქციის დაფასოების საკითხიც მოგვარდება. გარდა ამისა, საწარმოში GMP სტანდარტის დავნერგეთ,“-აცხადებს ჯინიაშვილი.
მისივე ცნობით, გარდა წარმოების ზრდისა, კომპანია მოლაპარაკებებს ქსელურ მარკეტებთან აწარმოებს. შესაბამისად, წელს რამდენიმე ქსელურ მარკეტშიც ყველაზე მოთხოვნადი ჩირეულით შესვლა იგეგმება.
გარდა ამისა, კომპანია ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას და შოკოლადის მიმართულების დამატებას გეგმავს. ამაზე მუშაობა კი წელს უნდა დაიწყოს.
„ადგილობრივ ბაზარზე, მომხმარებლის დაინტერესებაზე ვმუშაობთ. საქართველოში რომ 10-15%-ით იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლება მოხდეს, აღარც იქნება საჭიროება ექსპორტზე გატანის. იმისდა მიუხედავად, რომ საერთაშორისო ბაზრების მხრიდან დაინტერესება არის, ჩვენი ინტერესით რომელიმე ბაზართან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. თუმცა, თუ რეალური შანსები იქნება საექსპორტო ბაზრებიდან, უარს არ ვიტყვით,"-განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.
მისი თქმით, საწარმოებში 3 ადამიანია დასაქმებული, თუმცა წარმოების ზრდის შემდეგ, კადრების საჭიროების შემთხვევაში, მათი დამატებაც მოხდება.
ინფორმაციისთვის, „ბებოს ჩირი“ 60-მდე სახეობის ჩირს აწარმოებს. პროდუქციის ფასები 15 ლარიდან იწყება, ყველაზე ძვირად ღირებული მარწყვის ჩირი კი კილოგრამი 120 ლარი ღირს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის თვიური წარმადობა 10 ტონამდე პროდუქტია.