მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩირისა და ტყლაპის საწარმო „ფრუტერამ“ წარმოება 2,5-ჯერ გაზარდა - როგორია განვითარების გეგმა?

ფრუტერა

ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ზოლთან მდებარე ეკოლოგიურად სუფთა ჩირისა და ტყლაპის საწარმომ „ფრუტერა“ წარმოება 2,5-ჯერ გაზარდა. ამის შესახებ BM.GE-სთან საწარმოს დამფუძნებელმა, დავით გელუტაშვილმა ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ საწარმო გელუტაშვილის საკუთრებაში არსებულ ხეხილის ბაღებში, 336 კვ.მ ფართობზეა აშენებული და ამ დრომდე, სხვადასხვა ხილისგან 10 სახის ჩირსა და ტყლაპს აწარმოებდა. შავი ქლიავის, ვაშლის, მსხვლის და ა.შ. წელს კი, კომპანიამ შავი და თეთრი ბადაგი, პომიდვრისა და ბულგარულის ჩირი და ასევე, ქლიავისა და ვაშლის ნატურალური წვენის ჩამოსხმა დაიწყო.

„წარმოება 2,5-ჯერ გავზარდეთ. ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით მიდის. გარდა წარმოების ზრდისა, ასორტიმენტში შავი და თეთრი ბადაგი, პომიდვრისა და ბულგარულის ჩირი და ასევე, ქლიავისა და ვაშლის ნატურალური წვენის ჩამოსხმა დავიწყეთ.

რაც შეეხება მოსავალს, წელს მოსავლიანობის კუთხით, კარგი წელი იყო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა რეგიონი დაისეტყვა, ნედლეულის ამორჩევა დაგვჭირდა, შესაბამისი ნედლეულის შესასყიდად. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელთან შედარებით, ნედლეულის ღირებულება ბევრად ხელმისაწვდომი იყო. ანუ ფასები გასულ წელთან შედარებით შემცირებული იყო. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ფასების შენარჩუნებას. ვცდილობთ, რომ ვალუტის კურსის მიუხედავად, ფასები არ დავაკორექტიროთ“,- განაცხადა გელუტაშვილმა.

მისივე ცნობით, კომპანიამ ონლაინ გაყიდვები 4-ჯერ გაზარდა. მიზეზი, მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციის წარმოებაა. თუმცა, გარდა ონლაინ გაყიდვებისა, „ფრუტერა“ კარფურში ნოემბრის შუა რიცხვებიდან პროდუქციის შეტანას გეგმავს და უკვე ადგილზეც იქნება შესაძლებელი მისი შეძენა.

„სუპერმარკეტების ქსელებში ვგეგმავთ შესვლას. ამჟამად, კარფურთან გრძელდება მოლაპარაკებები, რომ ნოემბრის მეორე ნახევრიდან პროდუქცია შევიდეს. ასევე, ვგეგმავ „აგროჰაბთან“ თანამშრომლობას, თუმცა ამ ეტაპზე არაფერია გადაწყვეტილი.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, წელს გერმანიაში ვიყავი პარტნიორების მოსაძებნად, თუმცა ამ რაოდენობის წარმოებით რთულია ექსპორტზე გასვლა. საჭიროა მინიმუმ კიდევ 3-ჯერ მაინც გაიზარდოს წარმოება. ამის მიზეზი ისაა, რომ პირველ რიგში თვითღირებულება მცირდება. ასევე მიწოდებაც უნდა შეიძლებოდეს.

ამ ეტაპზე, წელიწადში 15 -20 ტონამდე მშრალი ხილის წარმოება შეგვიძლია, რაც ბევრი არ არის“,- ამბობს დირექტორი.

დავით გელუტაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პროდუქციის წარმოება გაზარდეს, კადრები, ჯამში 10 ადამიანამდე გაზარდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები