სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
როგორც უწყების პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, ნოტა ბელარუსის საგარეო უწყების სპიკერის 13 ივნისის განცხადებას საფუძველზე გაიგზავნა, რადგან ერევანი თვლის, რომ ბელარუსი მის საშინაო საქმეებში ჩაერია.
მინსკსა და ერევანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 12 ივნისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბელარუსში არ ჩავა, ვიდრე მას ალექსანდრე ლუკაშენკო ხელმძღვანელობს. საპასუხოდ მინსკმა სომხეთიდან ელჩი გაიწვია, ერევანმაც ანალოგიური ნაბიჯი გადადგა.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანატოლი გლაზმა კი სომხეთი გააკრიტიკა და თქვა, რომ „ბელარუსის საგარეო მტრად გამოყვანა, შიდა პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა“.