ბელგიაში, შარლერუას აეროპორტში, მეორე დღეა ყველა ფრენა გაუქმებულია - მიზეზი აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვაა.
გავრცელებულ განცხადებაში აეროპორტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გაუქმებულ ფრენებთან დაკავშირებით მგზავრები კონკრეტულ ავიახაზებს უნდა დაუკავშირდნენ, რადგან აეროპორტში საერთო გაფიცვა დაანონსდა.
შარლერუას აეროპორტის ვებგვერდის თანახმად, 13 სექტემბერს აეროპორტს 87 რეისი უნდა გაეტარებინა, საიდანაც 6 შარლერუადან 70 კმ-ის დაშორებით, ბრიუსელის აეროპორტიდან განხორციელდება.
როგორც პროფკავშირ CNE-ის წარმომადგენელმა ბელგიურ მედიასთან განაცხადა, 12 სექტემბერს გაფიცვა სპონტანურად დაიწყო, რადგან პროფკავშირთა გაერთიანება გასულ კვირას დაანონსებული საპროტესტო აქციისთვის საორგანიზაციო საკითხებს აგვარებდა. პროფკავშირები და აეროპორტის თანამშრომლები შარლერუას ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს თვეებია აწარმოებენ - ისინი აეროპორტში დასაქმებულებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.