ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა და მისი მიზანი ირანის სასულიერო მმართველობის დასუსტებაა.
ორშაბათს ღამით, ჯანმრთელობის ეროვნული სარდლობის ცენტრში სტუმრობისას, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის ქმედებები მიმართულია იქითკენ, რომ ირანელმა ხალხმა „ტირანიის უღელი“ თავად გადააგდოს. პრემიერის თქმით, განხორციელებული დარტყმებით ისრაელი რეჟიმს „ძვლებს უკვე უმსხვრევს“, თუმცა პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
პარალელურად, საფრანგეთში ისრაელის ელჩმა, ჯოშუა ზარკამ განაცხადა, რომ ისრაელი ირანში დასახული სამხედრო მიზნების მიღწევის გეგმას უსწრებს. მისი განმარტებით, ოპერაციის ამოცანა მხოლოდ ბირთვული პროგრამის შეჩერება არ არის - ის მიზნად თეირანის იმგვარად დასუსტებას ისახავს, რომ მან ვეღარ შეძლოს თავდასხმები საკუთარი საზღვრების მიღმა. ირანის ახალ უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნასთან დაკავშირებით ზარკამ აღნიშნა, რომ თუ ის მამის პოლიტიკას გააგრძელებს, ისიც იმ პირთა სიაში მოხვდება, რომლებიც „ლიკვიდაციას ექვემდებარებიან“.




























