Berkshire Hathaway-ის ახლად დანიშნულ აღმასრულებელ დირექტორს, გრეგ აბელს, რომელიც ლეგენდარულ ინვესტორს, უორენ ბაფეტს ცვლის, ხელფასი ეზრდება - ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) სამშაბათს წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, აბელს, რომელმაც კონგლომერატში მუშაობა ახალ პოზიციაზე 1 იანვარს დაიწყო, წლიური ფულადი ანაზღაურება 25 მილიონ დოლარამდე გაეზრდება. ცვლილება ძალაში იმავე დღიდან შევიდა.
ბაფეტმა აბელს ახალ პოზიციაზე სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. მაისში ინვესტორმა CNBC-ის განუცხადა, რომ ურჩევნია, მისი ფული აბელმა განკარგოს, "ვიდრე შეერთებული შტატების ნებისმიერმა წამყვანმა საინვესტიციო მრჩეველმა ან ტოპ-მენეჯერმა".
"ეს უდიდესი ნდობის გამოცხადებაა და ეს ჩვენი გააზრებული არჩევანია", - აღნიშნა ბაფეტმა.
Berkshire-ის სათავეში მოსვლამდე აბელი კომპანიის არასადაზღვევო ოპერაციების მიმართულებით ვიცე-თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. 2025 წლის მარეგულირებელი დოკუმენტის თანახმად, 2024 წელს ამ პოზიციაზე მისმა ხელფასმა 21 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო "სხვა სახის კომპენსაციამ" - 17,250 დოლარი.
თავად ბაფეტის წლიური ხელფასი კი, რომელიც იმ დროს Berkshire-ს ხელმძღვანელობდა, 2024 წელს 100,000 დოლარი იყო, რასაც 305,111 დოლარის ოდენობის „სხვა სახის კომპენსაცია“ დაემატა.




























