მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ფინანსურმა კონგლომერატმა, ამერიკულმა Berkshire Hathaway-მ გასული წელი რეკორდული მოგებით დაასრულა. 2023 წელს, უორენ ბაფეტის კომპანიამ $96.2 მილიარდის წმინდა მოგება დააგენერირა, რაც წინა მაქსიმალურ შედეგს - 2021 წელს დაფიქსირებულ $89.9 მილიარდს ერთბაშად $6.2 მილიარდით აღემატება. 2022 წელი, როგორც იცით, Berkshire-ისთვის არც თუ ისე სახარბიელო იყო, რადგან ამ დროს კომპანიამ თითქმის $23 მილიარდით იზარალა. სამივე ზემოხსენებული რიცხვი, ცხადია, არარეალიზებულ მოგებას და წაგებას გულისხმობს, ანუ ასახავს იმ ღირებულებას, რომელიც Berkshire Hathaway-ის პორტფელში შემავალმა კომპანიებმა ამა თუ იმ დროს დააფიქსირეს.
2023 წლის კოლოსალური მოგების უდიდესი ნაწილი Berkshire Hathaway-ის პორტფელში არსებულ სადაზღვევო ბიზნესზე მოდის, რომელიც, სხვათა შორის, უორენ ბაფეტის კომპანიაში 57-წლიანი არსებობის განმავლობაში 5,000-ჯერ გაიზარდა. თუ 57 წლის წინ, Berkshire-ის ეს ბიზნესი $17 მილიონად იყო შეფასებული, დღეს ის $83 მილიარდი ღირს და, როგორც უორენ ბაფეტი ამბობს, ზრდა ამ მიმართულებას ჯერ არ შეუწყვეტია.
სადაზღვევო ბიზნესის საპირწონედ, განსაკუთრებით ცუდად გამოიყურება Berkshire Hathaway-ის ორი პორტფელური ბიზნესი, ესენია - რკინიგზისა და ენერგეტიკის ბიზნესი. თუმცა უორენ ბაფეტი ოპტიმიზმს ამ მიმართულებითაც ინარჩუნებს, რადგან, მისი შეფასებით, რკინიგზაცა და ენერგეტიკაც, რომელშიც, უმეტესწილად, ამერიკული Occidental Petroleum-ი იგულისხმება, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ბიზნესს წარმოადგენს.
უორენ ბაფეტის მიერ დაფუძნებული Berkshire Hathaway-ი, როგორც იცით, დღეს, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კომპანიად ჩამოყალიბდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $905 მილიარდს აღემატება - ამ მაჩვენებლით, ის მსოფლიოში მე-8 ადგილს იკავებს.