მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბერლინში ახალი ქართული რესტორანი "Stumari" გაიხსნა

ბერლინი

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 5 ივნისს ახალი ქართული რესტორანი "სტუმარი" გაიხსნა, რომლის კონცეფციასა და გახსნის იდეაზე BM.GE-სთან მისი თანადამფუძნებელი, გიორგი რობაქიძე საუბრობს.

"რესტორანი „სტუმარი” 2024 წლის 5 ივნისს ბერლინის ერთ ერთ ძველ და ულამაზეს უბანში, შონებერგში გაიხსნა. რესტორნის კონცეფციიდან და სლოგანიდან გამომდინარე: “იყავი ჩვენი სტუმარი”- ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ქართულ ინტერიერს, და ქართული კერძების მრავალფეროვან არჩევანს. კედლებზე განთავსებული ქართული კალიგრაფიული ნამუშევრებით ვახდენთ ქართული ენისა და დამწერლობის პოპულარიზაციას. თითოეული დეტალი დიდი ფიქრის და მუშაობის შედეგად არის გადაწყვეტილი.

გერმანიაში,კერძოდ ბერლინში ქართულ სამზარეულოს კარგად იცნობენ. ჩვენი მიზანია უფრო ფართოდ და სიღრმისეულად გავაცნოთ ჩვენი კულტურა. თითოეულ მომხმარებლამდე მივიტანოთ ქართული კერძების უნიკალურობა გამოხატული გემოების მრავალფეროვნებაში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდისთვის დიდი პატივი გახლდათ რეკომენდაციები და მასტერკლასი ქართველი შეფმზარეულისგან, ბატონ ლევან კობიაშვილისგან, რომელიც რესტორნის პირველი საპატიო სტუმარი გახლდათ", - ამბობს გიორგი რობაქიძე.

თანადამფუძნებლის თქმით, გერმანიაში ქართულ სამზარეულოზე მოთხოვნა მზარდია. გიორგი რობაქიძეს "სტუმარი"-ის მენიუზეც ვესაუბრეთ. მისი თქმით, რესტორანში ქართული ტრადიციული კერძები ევროპულ ელემენტებზეა მორგებული.

"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოთხოვნა ქართული კერძების მიმართ საგრძნობლად გაიზარდა. ჩვენი სტუმრების ძირითადი სეგმენტი ადგილობრივი მცხოვრებლები არიან, ასევე გვსტუმრობენ ადგილობრივი ქართველები.

მენიუ არის ქართული ევროპულ გემოებზე მორგებული. ყველაზე მოთხოვნადი კერძებია ხაჭაპური, ფხალეული, ხინკალი და, რა თქმა უნდა, ქართული ღვინო", - აღნიშნავს "სტუმარის" თანადამფუძნებელი.

კითხვაზე, რა გამოარჩევს "სტუმარს" ბერლინში მოქმედი სხვა ქართული რესტორნებისგან, რობაქიძე განმარტავს, რომ რესტორანში მოხვედრილ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სრულყოფილად გაეცნოს სტუმარმასპინძლობის ქართულ ტრადიციას.

"ბერლინში ქართული სამზარეულო, როგორც უკვე აღვნიშნე უცხო არ არის. არსებობს კარგი ქართული რესტორნები, რაც ძალიან საამაყოა.

“სტუმარს” გამოარჩევს, ის რომ ჩვენ ჩვენი ქართული გასტრონომიული გამოცდილებით ,ავთენტიკური კერძებით, თბილ და მშვიდ გარემოში შეგვიძლია ვუმასპინძლოთ სტუმრებს. ჩვენი გუნდი სრულფასოვნად უხსნის თითოეულ სტუმარს, ქართული კერძების შესახებ და აცნობს ქართული სტუმარმასპინძლობის გამორჩეულ ტრადიციას", - ამბობს გიორგი რობაქიძე.

რესტორან "სტუმრის" შიდა სივრცე 45, გარე სივრცე კი 25 ადამიანზეა გათვლილი. რაც შეეხება კერძების საფასო კატეგორიას, დამფუძნებელი განმარტავს, რომ ის ადგილობრივ ბაზარზეა მორგებული და ვახშამი ერთ ადამიანზე 25-35 ევროს ფარგლებშია.

კომპანია მომხმარებელს Uber-ისა და Wolt-ის მიტანის სერვისსაც სთავაზობს. სამომავლო გეგმებზე საუბრისას კი გიორგი რობაქიძე აღნიშნავს, რომ ქვეყნის ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით, "სტუმარში" ქართული საღამოები იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები