მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბერმუდის სასამართლო ფიქრობს, რომ ივანიშვილის სანქცირების რისკი არსებობს

კობახიძე

ბერმუდის კუნძულების სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ექს-პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების რისკი რეალურად არსებობს, - ამის შესახებ წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის ბერმუდულ შვილობილს Credit Suisse Life-სა ბიძინა ივანიშვილს შორის მიმდინარე დავას უკავშირდება.

საქმე ისაა, რომ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ბანკის წინააღმდეგ მიმდინარე მრავალწლიან დავაში გაიმარჯვა და ბანკს მის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის კომპენსაცია დაეკისრა. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ 2023 წლის 23 ივნისს მიიღო. თუმცა ბანკმა ეს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრა, სარჩელის მიმდინარეობის პერიოდში კი განაჩენის დაუყოვნებლივი აღსრულება შეჩერდა, შესაბამისად ბიძინა ივანიშვილს აღნიშნული კომპენსაცია ჯერ არ მიუღია. Credit Suisse-მა კომპენსაციის სახით გადასახდელი თანხა უკვე განათავსა შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის სარგებლიან ესქროუ (escrow) ანგარიშზე და მას სარჩელის მიმდინარეობის პერიოდში 1.5%-მდე განაკვეთი ერიცხება. ივანიშვილისთვის ეს თანხა ხელმისაწვდომი გახდება მას შემდეგ, რაც ბერმუდის კუნძულების სააპელაციო სასამართლოც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

სწორედ ესქროუ ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვას უკავშირდება ახალი გადაწყვეტილება. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ივანიშვილის დაცვის მხარემ მოითხოვა ამ თანხის განკარგვის უფლების მინიჭება იქამდე, სანამ სააპელაციო სასამართლო გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას. ამასთან, ივანიშვილის იურიდიული წარმომადგენლები Credit Suisse Life-ს სთავაზობენ ესქროუს განკარგვის სანაცვლოდ შესაბამის უზრუნველყოფას. განაჩენის თანახმად, საუბარია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის აქტივებით ესქროუს გამოყენების უზრუნველყოფაზე. ამასთან განაჩენის თანახმად, ივანიშვილი აღნიშნული თანხით სწორედ თანაინვესტირების ფონდის კაპიტალის რეფინანსირებას და მოგებიანი პროექტების (წლიური+11%) განხორციელებას გეგმავს.

თუმცა, Credit Suisse Life-ის იურისტები მიუთითებენ, რომ თანაინვესტირების ფონდის აქტივები მაღალი ლიკვიდობით არ გამოირჩევა, რადგანაც ის არცერთ საფონდო ბირჟაზე არ ივაჭრება, ასევე საკმაოდ რთულია აღნიშნული აქტივების (უძრავი ქონების, საინვესტიციო დანიშნულების ქონებისა და საწარმოებში წილების) რეალური ღირებულების შეფასება.

კიდევ ერთი საკითხი უკავშირდება იურისდიქციის პრობლემას - საქმე ისაა, რომ ფონდის აქტივები მდებარეობს საქართველოში და ის შესაბამისად ქართული სასამართლოს იურისდიქციის ქვეშაა, მოსარჩელის მხარე დავობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს გააჩნია მომეტებული ძალაუფლება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მას ასევე აქვს შესაძლებლობა მოახდინოს, ირიბი თუ პირდაპირი გავლენა ქართულ სასამართლოზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუკი დადგება ალბათობა რომ Credit Suisse Life-ი გაიმარჯვებს სააპელაციო სასამართლოში, CS-ი შიშობს, რომ ესქროუს უზრუნველყოფის სახით ჩადებული აქტივების (თანაინვესტირების ფონდის აქტივების) აღსრულება გართულდეს.

კიდევ ერთი საკითხი რაზეც Credit Suisse Life-ის იურისტები მიუთითებენ არის თავად ბიძინა ივანიშვილის სანქცირების ალბათობა. ევროპარლამენტმა 2022 წლის 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოში დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების უკუსვლის გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც პერსონალური სანქციები უნდა დაუწესდეს. ანალოგიური მოწოდება გაიმეორა ევროპარლამენტმა 2022 წლის 14 დეკემბრის და 2023 წლის 15 თებერვლის რეზოლუციაში. ასევე საუბარია ევროკავშირის სხვადასხვა შეფასებაზე საქართველოში სამართლის უზენაესობის მხრივ არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოში სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოთხოვნილი აქტივების აღსრულება შესაძლოა, მართლაც გართულდეს, რაც ქვეყანაში ივანიშვილის ხელთ არსებულ გავლენას უკავშირდება.

სარჩელის მიხედვით ირკვევა, რომ დაცვის მხარეს (ბიძინა ივანიშვილს) საკითხთან დაკავშირებით ექსპერტის სახით მიწვეული ჰყავდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ჯონი ხეცურიანი, რომელმაც განაცხადა, რომ არ არსებობს ხელშესახები მტკიცებულებები რომლებიც მიუთითებდა, რომ ივანიშვილს აქვს გავლენა ქართულ იურისდიქციაზე. თუმცა, ამ შეფასებას არ ეთანხმება თავად ბერმუდის სასამართლოს მოსამართლე, რომელიც აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს მსგავს შეფასებებს, რადგანაც ქვეყანაში გაუარესებული სამართლებრივი გარემოს შესახებ არაერთი შეფასება აქვს გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორიტეტულ საერთოდ ორგანიზაციას.

აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა შენარჩუნდეს ესქროუს არსებული პირობები, თუმცა მისი შეცვლა შესაძლებლი იქნება თუკი ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს წარუდგენს პირველი კატეგორიის ფინანსურ ინსტიტუტში განთავსებულ გამოუხმობ საბანკო გარანტიას

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები