მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილის მოთხოვნა გაიზიარა და Credit Suisse-ს მონაცემების გამჟღავნება მოსთხოვა

5e936615cb64f
შოთა ტყეშელაშვილი
12.04.20 22:46
10409
ბერმუდის კუნძულების უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატამ, 2020 წლის 11 თებერვალს, გამოაქვეყნა გადაწყვეტილება პროცესზე "ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ" და საკუთარი განჩინებით, შვეიცარიულ ბანკს პროცესთან დაკავშირებული შიდა დოკუმენტების გამჟღავნება დაავალდებულა.

საუბარია თაღლითურ ტრანზაქციებთან მიმართებით Credit Suisse-ის თანამშრომელთა ელექტრონული ფოსტის მიმოწერაზე, ასევე აუდიტორული კომპანია PWC-ის მიერ მომზადებულ დასკვნაზე, რომელიც ბანკის შიდა კონტროლის მექანიზმების სიჯანსაღეს ეხება.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბერმუდის კუნძულებზე სასამართლო პროცესი უკვე ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს და ის, საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის ქონების მნიშვნელოვან ნაწილს ეხება.

დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხება. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო.

2015 წელს კი, ბიძინა ივანშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი დოლარი გაქრა, რაც Creidt Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა.

ივანიშვილს საჯაროდ ამ საქმეზე სულ რამდენიმე განცხადება აქვს გაკეთებული, “რა დროც არ უნდა დასჭირდეს, ამ საქმეზე მე უკან არ დავიხევ” - 2019 წლის ნოემბერში Bloomberg-თან თქვა ივანიშვილმა.

თავად Credit Suisse-ი კი ამ და კიდევ რამდენიმე სხვა სკანდალის გამო, რეპუტაციული ზიანის წინაშე დადგა, 2020 წლის თებერვალში ბანკის CEO ტიდჯანე თაიმი თანამდებობიდან გადადგა. ბიძინა ივანიშვილმა კი ბანკს ბერმუდის კუნძულებზე, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ახალ ზელანდიაში უჩივლა.

2018 წელს ჟენევის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისა და სხვა მილიარდერების, მათ შორის ვიტალი მალკინის - ყოფილ პირად ბანკირს, პატრის ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო პატიმრობა მიუსაჯა. ჟენევის სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მისი კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეფულა.

პატრის ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.

Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია.

აღნიშნულის არ სჯერა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამბობს, რომ შეუძლებელია ეს პროცესი Credit Suisse-ის ხელმძღვანელობის უშუალო ჩართულობის გარეშე წარმართულიყო.

“ასეთი თაღლითობა არც 1990-იანების ველურ რუსეთში და არც საქართველოს საბანკო სფეროში არ მინახავს,”- Bloomberg-თან განაცხადა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები