მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბესიკ შენგელია: რომ არა მიკროსაფინანსოების რეგულირება, საშინელი მდგომარეობა იქნებოდა

5f4e2cdf86c45
ვიქტორია მღებრიშვილი
01.09.20 16:50
1301
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზარი 20-მდე მოთამაშემ დატოვა. შედეგად ბაზარზე მისო-ების რაოდენობა 40-მდე შემცირდა. ნიშნავს თუ არა მისო-ების რაოდენობრივი კლება ბაზარზე კონკურენციის შემცირებას თუ პირიქით -ეს სექტორის გაჯანსაღების მანიშნებელია? - BM.GE-მ ამ კითხვით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარეს მიმართა. ბესიკ შენგელია მიიჩნევს, რომ აღნიშნული მისოების ბაზრის რეგულირების შედეგია, რაც არათუ ამცირებს კონკურენციას, არამედ აჯანსაღებს ბაზარს. 

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზრის გაჯანსაღება უკვე სახეზეა. მისო-ებისთვის რეგულაციები რომ არ შემოსულიყო, პანდემიის ფონზე და პლიუს, დამატებითი რისკფაქტორების გათვალისწინებით, ვფიქრობ, საშინელი მდგომარეობა იქნებოდა.
ძალიან დროული იყო ეს რეგულაციები, მაგრამ, უფრო ადრეც უნდა ამოქმედებულიყო. 2012 წლიდან ჩვენ - ასოციაციას ეროვნულ ბანკთან მუდმივი შეხვედრები გვქონდა და დარგის ადეკვატურ დარეგულირებას ვითხოვდით. მის-ოების შემცირება თავისთავად ლოგიკურია, რადგან თავიდანვე, სებ-ის მიერ რეგულირების მოტივაცია პასუხისმგებლიანი დაკრედიტება იყო. ანუ მანამდე იყო უპასუხისმგებლო დაკრედიტება, იყო ძალიან ბევრი უპასუხისმგებლო ორგანიზაცია, რომელიც საერთოდ ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ერთადერთი კრიტერიუმი იმის, რომ ორგანიზაციას მიეღო მისოს სტატუსი იყო ის, რომ საწესდებო კაპიტალი უნდა ყოფილიყო 250 ლარი, რაც ძალიან მარტივი იყო“, - განაცხადა ბესიკ შენგელიამ.

ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ, ორგანიზაციების დახურვის ფაქტი ნეგატიურია, თუმცა მისოების ფუნქციონირება სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.

„ნებისმიერი ორგანიზაციის დახურვის, ამ შემთხვევაში მის-ოების დახურვის ფაქტები, ძალიან სამწუხაროა, რადგან ამ პროცესში ადამიანები სამუშაოს კარგავენ, მაგრამ ძალიან ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მანდატი, ბიზნესმოდელი ამ რეგულაციებთან და ზოგადად სტანდარტებთან აბსოლუტურად მიუღებელი და შეუსაბამო იყო. საუბარია ლომბარდულ და ონლაინ გამსესხებლებზე, რომლებიც სესხებს შეფასების გარეშე გასცემდნენ, რაც ჯამში, ჭარბვალიანობას იწვევდა“, - განმარტა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარემ.

ბესიკ შენგელია ასევე აღნიშნავს, რომ რეგულაციები მარტივად შესასრულებელი არ უნდა იყოს, თუმცა ისინი ადეკვატური უნდა იყოს და სწორედ ამიტომ, დღესაც ეროვნულ ბანკთან რეგულაციის ცალკეულ საკითხებზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

"მარტივად შესასრულებელი რეგულაცია არ უნდა არსებობდეს არცერთ სფეროში; რეგულაცია უნდა იყოს ადეკვატური. ჩვენ გვაქვს ცალკეული შენიშვნები რა მიმართულებით შეიძლება მოეშვას რეგულაციები, რა მიმართულებით შეიძლება გამკაცრდეს და ამასთან დაკავშირებით გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან. თუმცა ძირითად მიმართულებებზე ყველანი ვთანხმდებით, რაც საცალო დაკრედიტებას ეხება“, - უთხრა BM.GE-ის მისოების ასოციაციის თავმჯდომარემ.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის ივნისის მდგომარეობით, მისო-ების ჯამური აქტივების ღირებულება 1.3 მილიარდი ლარი იყო. 2020 წლის პირველ 6 თვეში სექტორის ჯამურმა ზარალმა 29 მილიონი ლარი შეადგინა. მიკროსაფინანსო ბაზარი წმინდა მოგების პიკურ მაჩვენებელზე 2016 წელს გავიდა და ის 151.8 მილიონ ლარს შეადგენდა, 2017 წლიდან კი მოგებიანობის ჯამური მაჩვენებელი ყოველწლიურად დაღმავალია.

ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, მისო-ების საკრედიტო პორტფელის მოცულობა 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს, აქედან ყველაზე მეტი თანხა - 446 მილიონი ლარი სალომბარდე სესხებზე მოდის. მეორე ადგილზე 262 მილიონით სამომხმარებლო სესხებია, 200 მილიონით კი მესამე ადგილზე ვაჭრობის ფინანსირებისთვის გამოყოფილი სესხებია, რომელთაც უმეტესად მცირე მეწარმეები იღებენ.  კონსოლიდირებული ფინანსური შედეგებიდან ჩანს, რომ მკვეთრად არის შემცირებული "ონლაინ სესხების" ბაზარი და მისი პორტფელი მხოლოდ 16.4 მილიონ ლარს შეადგენს. ერთი წლის წინ ამ სესხების პორტფელის მოცულობა 66 მილიონ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები