თბილისის ვიცე-მერის, გიორგი ტყემალაძის თქმით, ბეთანიაში სათხილამურო კურორტის ინფრასტრუქტურის სამუშაოები მომდევნო წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. როგორც მან ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, მთის კურორტების განვითარების სააგენტოსთან ერთად, პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
"მთის კურორტების განვითარებასთან ერთად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კონცეფციაზე, მათი გამოცდილება მნიშვნელოვანია და ისინი უფრო მოქნილები არიან ამ მხრივ, ჩვენ ვთხოვეთ და ისინი შეისყიდიან კონცეფცია-პროექტირების ნაწილს, კონკრეტული სამუშაოებისთვის რომ ვიყოთ მზად.
ამავდროულად იცით, რომ გარკვეული არეალი არის კერძო საკუთრება და გვაქვს აქტიური კომუნიკაცია. პრინციპში, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ის რაც მოსანაცვლებელია ამ ნაწილშიც დალაგებულები ვართ და ძალიან ოპტიმისტურად, რეალურად მიგვაჩნია, რომ მომავალი წლის ბოლომდე უკვე დავასრულოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ძალიან დიდია დაინტერესება კერძო სექტორის მხირდანაც და ჩვენ ვაპირებთ მათთან თანამშრომლობას. ყველა შემთხვევაში, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლის ბოლოს ეს პროექტი უნდა იყოს აუცილებლად დასრულებული", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ბეთანიაში სათხილამურო კურორტის პროექტი სექტემბერში დაანონსდა. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა უნდა განთავსდეს, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.
თბილისიდან 18 კილომეტრის დაშორებით, ბეთანიაში სათხილამურო ტრასა პირველად 2012 წლის დასაწყისში ამოქმედდა. 30 ათას კვადრატულ მეტრზე პროექტი ქართული ინვესტიციით "რანდე ვუ ბეთანიამ" განხორციელდა და 600–მეტრიანი სამთო-სათხილამურო ტრასა და სპეციალურად ბავშვებისთვის უსაფრთხო 200– მეტრიანი ტრასა მოაწყო.




























