საქართველოში მოქმედ უმსხვილეს კომპანიებს, მათ შორის აზარტული თამაშების ოპერატორებს ყოველწლიურად თავიანთი ფინანსური მაჩვენებლების გასაჯაროების ვალდებულება აქვთ. 2024 წლის აუდიტირებული ანგარიში წარადგინა შპს “ბეთლაივმაც”.
დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს “ბეთლაივის” შემოსავალმა ₾226 მილიონს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით ₾52 მილიონით მეტია. კომპანიის შემოსავალი წარმოადგენს მიღებულ ფსონებსა და მოგების სახით გაცემულ თანხას შორის სხვაობას ანუ GGR-ს რასაც წმინდა სათამაშო შემოსავალი ეწოდება, შესაბამისად უშუალოდ მოთამაშეების მიერ ბეთლაივის სისტემაში შეტანილი თანხები გაცილებით უფრო დიდი იყო, ხოლო 226 მილიონი ლარი ბეთლაივის მიერ ფსონების სახით მიღებულ თანხებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობაა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, გაზრდილია კომპანიის წმინდა მოგებაც. თუკი 2023 წელს კომპანიის წმინდა მოგება ₾56 მილიონი იყო, 2024-ში ის ₾66 მილიონამდე გაიზარდა.
კონკრეტული წყაროების მიხედვით, კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდება:
• შემოსავალი ონლაინ კაზინოდან - 151 მილიონი ლარი;
• შემოსავალი ტოტალიზატორიდან - 62.3 მილიონი ლარი;
• შემოსავალი მიწის სლოტ კლუბიდან - 3.3 მილიონი ლარი;
ონლაინ კაზინოს მოგების გადასახადი 2024 წელს GGR-ის ანუ 151 მილიონი ლარის 15%-ით განისაზღვრებოდა, 2025 წლიდან კი ეს მოსაკრებელი GGR-ის 20%-მდე გაიზარდა. ტოტალიზატორის გადასახადი კი არა GGR-ზე, არამედ მიღებული ფსონების მოცულობაზე არის მიბმული და ჯამური ფსონების 7%-ით განისაზღვრება. 2024 წელს კომპანიამ კაზინოს თამაშებზე 36.7 მილიონი ლარის გადასახადები გადაიხადა, ხოლო ტოტალიზატორის სეგმენტის გადასახადები კი 18.9 მილიონი ლარი იყო. ამასთან, კომპანიამ სანებართვო მოსაკრებლებზე 5.7 მილიონი ლარი გადაიხადა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად აზარტული თამაშების მიმწოდებლებს კომპანიამ გასულ წელს 31.8 მილიონი ლარი გადაუხადა. საგადახდო მომსახურების პროვაიდერების საკომისიოები 20.8 მილიონი ლარი იყო სარეკლამო ხარჯები კი 13 მილიონ ლარს აღემატებოდა.
“შპს „ბეთლაივი“ წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას “მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, რომელიც დარეგისტრირდა 2013 წლის 25 მარტს. კომპანიის მესაკუთრეები არიან:
- შპს "IT Venture" - 40%;
- სულიკო ვარსემაშვილი - 38%;
- ნანა ჯანაშია - 19%;
- თამაზ ხარაიძე - 3%.
კომპანიის აქტივები 30.9 მილიონ ლარს, ხოლო ვალდებულებები 25 მილიონ ლარს შეადგენს.
ბეთლაივის მსგავსად, ამჟამად 2024 წლის ფინანსური შედეგები გამოქვეყნებული აქვს ევროპაბეთსაც.



























