უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემა და ლიკვიდური თანხების ადგილობრივ ფასიან ქაღალდებში განთავსების შესაძლებლობა - ეს ის ორი თემაა, რაზედაც ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ციკოლიამ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” სტუმრობისას ისაუბრა, როგორც გარკვეულ პრობლემურ საკითხებზე, რომელთა გადაჭრა საქართველოში ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობდა ხელს, რაც ეკონომიკაში დამატებითი დოვლათის შექმნას ნიშნავს.
- IT ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების გარკვეული რაოდენობა არის ექსპატი ანუ უცხოელები, რომლებიც საქართველოში გადმოვიდნენ საცხოვრებლად და აქედან მუშაობენ. თუ ჩვენ გვინდა, პროფესიონალები ქვეყანას შევუნარჩუნოთ და ამ ხალხმა გრძელვადიანად შექმნას დოვლათი და საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ადგილობრივ ადამიანურ კაპიტალს, ალბათ უფრო მეტი საშუალება უნდა მივცეთ, რომ გრძელვადიანად დარჩნენ საქართველოში და აქ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. მაგალითად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცესი დღემდე ბოლომდე გამართული არ არის, ამიტომ ბევრმა პროფესიონალმა ქვეყანა დატოვა და სხვა ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად.
- გულისხმობთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხს?
- დიახ. ბევრ ქვეყანაში არსებობს ე.წ. IT ბინადრობის ნებართვა, რომლის მიღება გარკვეული პირობების შესრულებასთან არის დაკავშირებული...
- რამდენადაც ვიცი, ქართული კანონმდებლობა არ ცნობს მსგავსი ტიპის ბინადრობის ნებართვას...
- დიახ, ამიტომ ასეთი ტიპის ბინადრობის დოკუმენტის შემოტანა, რომელიც კავშირში იქნება ადამიანის პროფესიასთან და იმ შემოსავალთან რომელიც შემოაქვს ქვეყანაში, კარგი იქნებოდა...
- შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ამ საკითხზე ესაუბრებით, თან თუ ასეთი მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისთვის?
- დიახ. ვსაუბრობთ და {მისი გადაჭრა} იქნება ერთ-ერთი კარგი გზა იმისთვის, რომ უცხოელებზე ბინადრობის გაცემის პროცესი მარტივი და ტრანსპარანტული გახდეს, რათა IT კომპანიებს გრძელვადიანად ჰქონდეთ შესაძლებლობა, არა მხოლოდ დეველოპერების მიმართულებით მოიზიდონ ტალანტები, არამედ მარკეტინგში, გაყიდვებში და ა.შ.
- როგორც ვიცი, Lineate საქართველოში დასაქმებულთა 80% ადგილობრივია, 20% - უცხოელი. მათ ჰქონიათ მსგავსი პრობლემები?
- დიახ, ჩვენს კომპანიაშიც იყო მსგავსი პრობლემა, მაგრამ აქტიური კომუნიკაციის მეშვეობით, ეს საკითხი პრაქტიკულად ბოლომდე გადავწყვიტეთ, თუმცა ინდუსტრიაში ეს პრობლემა დღემდე არსებობს, არა მხოლოდ ეს, სხვაც...
- კიდევ რა გაწუხებთ IT ბიზნესს?
- {პრობლემებში ვიგულისხმე}, როგორ შეიძლება კანონმდებლობა კიდევ უფრო დაიხვეწოს. Lineate-ს გააჩნია საერთაშორისო კომპანიის სტატუსი. კანონშიც ვხედავთ, რომ არის გარკვეული ელემენტები, რომლის დახვეწაც არ იქნება ცუდი. მაგალითად: საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მქონე ბიზნეს-სუბიექტებს არ აქვთ ქვეყნის შიგნით შემოსავლების მიღების უფლებას. მოგეხსენებათ, დათქმა იყო, რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიები კონკურენციაში არ შევიდნენ ქვეყნის შიგნით კომპანიებთან, თუმცა ამავდროულად, ამ კომპანიებს გარკვეული ლიკვიდურობა უჩნდებათ საქართველოში და ეს თანხები დევს საბანკო ანგარიშებზე. ჩვენი კითხვაა - შეიძლება თუ არა ამ თანხის დაბანდება ადგილობრივ ფასიან ქაღალდებში და ხომ არ ჩაითვლება, ქვეყნის შიგნით მიღებულ შემოსავლად. თუ შემოსავლად ჩაითვლება, ეს ნიშნავს იმას, რომ კანონს ვარღვევთ და შესაბამისად, შეიძლება, საფრთხის ქვეშ დადგეს ჩვენი სტატუსი?! ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. საკითხზე ფინანსთა სამინისტროსთან მქონდა საუბარი და მოგვარებადია, რა თქმა უნდა. ეს ისეთი საკითხია, რაზედაც შეიძლება ისაუბრო და გაარკვიო, რომ პრობლემად არ იქცეს. ფინანსთა სამინისტრომ საკითხი აღიქვა და ამ თემაზე ვმუშაობთ. ყველას კარგად ესმის, რომ უმჯობესია, საბანკო ანგარიშებზე განთავსების ნაცვლად, საერთაშორისო კომპანიებმა ფული ადგილობრივ ფასიან ქაღალდებში დააბანდონ და რეალურად ეკონომიკაში შეუშვან. ამდენად, ასეთ საკითხებზე კომუნიკაცია მიდის და ვფიქრობ, მათი გადაწყვეტა, ტექინდუსტრიას კიდევ უფრო მეტი განვითარების საშუალებას მისცემს.
შეგახსენებთ, 2020 წლის ბოლოდან საქართველოში "საერთაშორისო საწარმოს სტატუსის" მინიჭების კრიტერიუმები განისაზღვრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ სტატუსს იღებენ ის კომპანიები, რომლებიც IT და საზღვაო სფეროში საქმიანობენ და საქართველოდან უცხოეთში აწვდიან IT სერვისს ან ახორციელებენ საზღვაო გადაზიდვებს. ამ სტატუსის კომპანიები სპეციალური საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%.