მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბევრ ქვეყანაში ვაქცინაციას გადიან - ჩვენთან დაგვიანებული ხომ არაა რეგულაციის მიღება? - ზარქუა

6011375e77c5b
ინგა მურუსიძე
27.01.21 13:32
966
პარლამენტი ამ წუთებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ კანონპროექტის წარდგენისას თქვა, რომ საკანონმდებლო რეგულაციების მიღება ყველა ქვეყანას სჭირდება და ზოგიერთმა ეს უკვე გააკეთა.

კანონის პროექტით, პანდემიასთან/ეპიდემიასთან დაკავშირებით ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისათვის ან მკურნალობისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანისას, როდესაც ფარმაცევტულ პროდუქტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების (SRAs) მხრიდან მინიჭებული აქვს გამოყენების (მათ შორის გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია, ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების შედეგად შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანზე პასუხისმგებელია იმპორტიორი, სამედიცინო პერსონალი ან სამედიცინო დაწესებულება თუ ზიანი გამოწვეულია, შესაბამისად იმპორტიორის მიერ დაშვებული შეცდომით, ან სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით, ან პროდუქტის მწარმოებელი, მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა დაინტერესდა, ცვლილებების მიღება ხომ არ არის დაგვიანებული.

„ბევრ ქვეყანაში უკვე ვაქცინაციის ეტაპებს გადიან. ჩვენთან დაგვიანებული ხომ არ არის ეს რეგულაციის მიღება? თუ ამას ითხოვდა კოვაქსი, ინიციატივა უფრო ადრე რატომ არ არსებობდა?“ - მიმართა ზარქუამ ხუნდაძეს.
 
თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის დაწყება დაგვიანებული არ არის, რადგან ქვეყანაში შემოვა მარეგულირებლების მიერ აღიარებული ვაქცინა.

“ეს კითხვა დაიბადა იქიდან, რომ არაერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ვაქცინაცია. სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს. ქვეყნების ნაწილი თავად აწარმოებს ვაქცინას და მათთვის ხელმისაწვდომობა განსხვავებულია. ასევე არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ავტორიზაციის გარეშე აწვდიან თავიანთ მოსახლეობას ვაქცინას და ეს მათივე პასუხისმგებლობით ხდება. მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებსაც განსახვავებული ფინანსური შესაძლებლობებიც აქვთ. მე მაინც ვფიქრობ, რომ დაგვიანებული ჩვენთან არაფერია.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შემოვა ვაქცინა, რომელსაც საერთაშორისო აღიარება აქვს და ეს ჩვენი უცვლელი პირობაა, რომ მოსახლეობას მივაწვდით მხოლოდ ჯანმოს ავტორიზაციით ნებადართულ ვაქცინას. საქართველო მონაწილეობს კოვაქს-პლატფორმაზე და ეს არის საშუალება, რომ მწარმოებელმა ქვეყნებმა ითანამშრომლონ ქვეყნებთან, რომლებსაც ინტერესი აქვთ, ვაქცინა მიაწოდოთ თავიანთ მოსახლეობას“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, საქართველო ამ ეტაპზე განიხილავს „ასტრა ზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინების შემოტანას და ეს სავარაუდოდ, პირველ კვარტალში იქნება.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები